მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის რეორგანიზაციისთვის სტრუქტურული ერთეულების ანალიზი დაიწყო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება - შესაბამისი ბრძანება გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა. 

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაციის შედეგად მიღებული იქნება მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანად ან ნაწილობრივ განახლებული სტრუქტურა.

ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ.

კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია თანამშრომლების ოპტიმიზაციას, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგადაც ადამინისტრაცია მასზე დაკისრებული ფუნქციების უფრო ეფექტურად განხორციელებას შეძლებს. 

რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი.

„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადავიდა სხვა სამინისტროებში, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე გამოცხადდება კონკურსი იმ თანამდებობების დასაკავებლად, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად ვაკანტურია.

პრემიერმინისტრის ბრძანების მიხედვით:

  1. სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, დაწყებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მიღებული იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანად, ან ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა;
  2. ადმინისტრაციული მართვის ერთეულს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დაევალოს არაუმეტეს ერთი თვის ვადაში რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე ამ ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის ყოველი დასაქმებულისთვის სრულად გაცნობა.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 16,5 მილიონი ლარია, უწყებაში 240 ადამიანი მუშაობს

კომენტარები