ნარკოპოლიტიკა

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 7 მაისს დაკავებული ორი პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებიან, ბრალდებულების სახით პასუხისგებაში მისცეს.

საუბარია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ. და ნ.გ. მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება „Telegram”-ი, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. „Telegram”-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 9 მაისს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. 

ბრალდებულებს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებს ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, სადაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ორი პირი - 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი თბილისში დააკავეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

მეზვრიშვილმა ასევე თქვა, რომ პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მოხდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.

კომენტარები