იტალია

იტალიის პრეზიდენტმა პარტიებს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად 24 საათი მისცა

სერჯო მატარელა
Reuters

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პარტიებს, "ჩრდილოეთის ლიგას" და "5 ვარსკვლავის მოძრაობას" სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებებისათვის დამატებითი დრო მისცა.

ოთხშაბათს მან პარტიების ლიდერებს, მატეოს სალვინი და ლუიჯი დი მაიოს 24 საათიანი ვადა მისცა. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მატარელა დროებით მთავრობას დანიშნავს.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. შედეგების გამოცხადებიდან 9 კვირის მანძილზე პარტიები სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37% მიიღო. მეორე ადგილზე პოპულისტური პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობაა" 32%-ით, ხოლო დემოკრატიული პარტიის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა მხოლოდ 23% დააგროვა.

"5 ვარსკვლავის მოძრაობა" "ჩრდილოეთის ლიგასთან" კოალიციის შექმნას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება, თუ ისინი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის პარტნიორს, სილვიო ბერლუსონის "Forza Italia"-ს მიატოვებენ.

ბერლუსკონი "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" კოალიციას გამორიცხავდა და აცხადებდა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის დაშლას არ დაუშვებდა. მას მოლაპარაკებების წარმოება "დემოკრატიულ პარტიასთან" სურდა, თუმცა გუშინ მან განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ლიგას" შეუძლია "5 ვარსკვლავის მოძრაობასთან" ითანამშრომლოს. მიუხედავად ამ დათმობისა პარტიებს შორის მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება. "5 ვარსკვლავის მოძრაობას" მხარს ძირითადად სამხრეთ რეგიონებში უჭერენ, ხოლო "ჩრდილოეთის ლიგას" იტალიის ჩრდილოეთით. შესაბამისად, განსხვავდებოდა მათი წინასაარჩევნო მესიჯებიც.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა იტალიაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

წინასაარჩევნო პერიოდის და პარტიების კამპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები