კანის კინოფესტივალი 2018

რუსი რეჟისორი კანში თავისი ფილმის პრემიერას ვერ ესწრება, ის დაპატიმრებულია 

AP

რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის ფილმის "ზაფხული" პრემიერა კანში სავარაუდოდ რეჟისორის გარეშე ჩაივლის - ის დაპატიმრებულია. ​

ფილმი, რომელსაც კანის მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს უწინასწარმეტყველებენ, ლეგენდარულ მუსიკოსს, ვიქტორ ცოის ეხება, რომელიც რუსეთში 80-იან წლებში, ე.წ პერესტროიკის პერიოდში მოღვაწეობდა და რევოლუციური ტექსტებით გამოირჩეოდა. 

რუსეთს სერებრენნიკოვის გათავისუფლების მოთხოვნით როგორც კანის ფესტივალის ადმინისტრაციამ, ისე საფრანგეთის მთავრობამ მიმართა, თუმცა, როგორც მოგვიანებით კანის ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ განაცხადა, ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა, რომ "სერებრენნიკოვს პრობლემები სასამართლო სისტემასთან აქვს და რომ სიამოვნებით დაეხმარებოდა მას, მაგრამ რუსეთში სასამართლო დამოუკიდებელია".  

კანის წითელ ხალიჩაზე რეჟისორის გათავისუფლება რუსმა მსახიობებმაც მოითხოვეს.



ფოტო: AFP

სერებრენნიკოვი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს - მას ბრალად 3.5 მილიონი აშშ დოლარის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვა ედება. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა რეჟისორმა გოგოლის თეატრის ხელმძღვანელობისას გაფლანგა.

თავად სერებრენნიკოვი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

რეჟისორი მწვავე დადგმებით გამოირჩევა. 

დაკავებამდე ის ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაუპირისპირდა. საქმე მის მიერ დადგმულ ბალეტს ეხება ლეგენდარული რუსი ბალერონის, რუდოლფ ნურევიევის შესახებ, რომელიც ჰომოსექსუალი იყო და 1961 წელს დასავლეთში გადასახლდა. 

კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ დადგმა არღვევს კანონს "ლგბტ პროპაგანდის" შესახებ - რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის ივნისში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვნებში

კირილ სერებრენნიკოვი ერთ-ერთია იმ ორი რეჟისორიდან, ვინც კანის ფესტივალზე, საკუთარი ფილმების ჩვენებაზე დასწრებას ვერ ახერხებს - მეორე ირანელი რეჟისორი, ჯაფარ ფანაჰია, რომელსაც ქვეყნის დატოვება აქვს აკრძალული 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს მომიტინგეების მხარდაჭერის გამო. 

კომენტარები