აიისა

რატომ მიიჩნია მოსამართლემ, რომ "აიისა" საზოგადოების მორალს ლახავს - დასაბუთება

0 კომენტარი
ფოტო: აიისა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების საქმის გადაწყვეტილების დასაბუთება გამოაქვეყნა. 

4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

დღეს გამოქვეყნებულ დასაბუთებაში დეტალურად არის ახსნილი, რატომ მიიჩნია მოსამართლემ "აიისას" შეფუთვები ეთიკისა და მორალის შეურაცხყოფად. 

ლაშა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ: 

წარწერა "ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა" - ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

წარწერა - „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაი საკვირველი. დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. პროდუქტზე გამოსახულია სამეფო გვირგვინი, რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.

წარწერა - „სამეფო კარი თამარში“ და გამოსახულება - თამარ მერე იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, ბაგრატიონთ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“, მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა, მისი სახე საქართველოს არაერთ ფრესკაზე არის გამოსახული.

გამოსახულება - „მაკურთხებელი ხელი“ - ხელის ჟესტიკულაცია, რომლის გამოყენება ხდება რელიგიური პირების მიერ. მაკურთხებელი ხელი გამოსახულია არაერთი წმინდანის ხატზე, ასევე მას იყენებენ სასულიერო პირები მრევლის კურთხევის მიზნით;

„ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ანი გაჩეჩილაძის მიერ „აიისას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე წარმოებულ პროდუქტზე განთავსებული რეკლამები თავისი წარწერებით და გამოსახულებებით არაეთიკურია, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს“, - ნათქვამია დასაბუთებაში

აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივების ბრენდის შესახებ გადაწყვეტილების ​დასაბუთებაში სიტყვა "პრეზერვატივი" ერთხელაც არ არის ნახსენები. 

"აიისას" მიმართ ადმინისტრაციული საჩივარი სასამართლოში თბილისის მერიამ მერიამ, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ჯგუფის, "ქართული იდეის" წევრების განცხადების საფუძველზე შეიტანა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები