საკრედიტო საგარანტიო სააგენტო

მთავრობა თქვენი გადახდილი გადასახადებით ბიზნესს კრედიტებში გარანტორად ჩაუდგება

0 კომენტარი
პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფოტო: ტაბულა

მთავრობა ქმნის ახალ უწყებას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიზნესს სესხებში გარანტორად ჩაუდგება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს იმ საკრედიტო რისკს, რაც ბიზნესის კეთებასთან არის დაკავშირებული. ანუ თუ კონკრეტულმა ბიზნესგეგმამ არ გაამართლა ბანკი საგარანტიო ფულს სახელმწიფოსგან მიიღებს.

"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გამარტივებისთვის ერთ-ერთი გადაწყვეტა, რომელიც აპრობირებულია და აქვს ძალიან კარგი შედეგი არის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმი, რომლის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კომერციულ ბანკს საკრედიტო საგარანტიო ფონდმა მისცეს თანაუზრუნველყოფა. როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი მიდის კომერციულ ბანკთან სესხის ასაღებად. შესაბამისად წვდომა ამ შემთხვევაში გაცილებით უადვილდება მცირე და საშუალო ბიზნესს. მხოლოდ ევროპაში 26 ქვეყანაშია ეს ინსტრუმენტი დანერგილი", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ტაბულას კითხვაზე თუ რა იქნება ამ სააგენტოს ბიუჯეტი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ დაზუსტებული არაა. 

მთავრობამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან ახალი სააგენტოს შექმნაზე კონსულტაციები უკვე გაიარა. პროექტის მიხედვით, ფონდის 1/3-ს დააფინანსებს სახელმწიფო, 1/3-ს ბანკები და 1/3-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დააფინანსებენ.

"შარშან თურქეთს ჰქონდა საკმაოდ კარგი - 7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და თურქეთის მთავრობის განცხადებით ამ 7%-იან ზრდაში 2% იყო სწორედ ამ ფონდის წვლილი. 225,000-ზე მეტი ბენფიციარი ჰყავდათ მათ", - ამბობს ქუმსიშვილი. 

საკრედიტო საგარანტიო სააგენტოები მრავალ ქვეყანაში მუშაობს. მათგან უმსხვილესი სამხრეთ კორეის საგარანტიო სააგენტოა, რომელსაც ჯამში $44 მილიარდის ღირებულების სესხები აქვს დაზღვეული.

ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისი თქმით, ეს ცვლილება იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მეწარმეობის განვითარებისთვის:

"მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ეს კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ პროექტის წარმატებული გამოცდილება უკვე არის. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს მნიშვნელოვნად გაუზრდის ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს", - ამბობს კიკნაველიძე.

ახალი სააგენტო შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნას. სავარაუდოდ ის ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ჩაანაცვლებს, რომლის შექმნაზეც მთავრობა 2015 წლიდან მუშაობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები