საკრედიტო საგარანტიო სააგენტო

ბახტაძე: საბანკო გარანტიის რეფორმა ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს

ფინანსთა სამინისტრო

მთავრობა ქმნის ახალ უწყებას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიზნესს სესხებში გარანტორად ჩაუდგება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს იმ საკრედიტო რისკს, რაც ბიზნესის კეთებასთან არის დაკავშირებული. ანუ თუ კონკრეტულმა ბიზნესგეგმამ არ გაამართლა ბანკი საგარანტიო ფულს სახელმწიფოსგან მიიღებს.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს რეფორმის მოდელი ამიერკავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მერსი ტემბონთან განიხილა. ბახტაძის თქმით, ახალი სააგენტო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს:

"აღნიშნული საბანკო გარანტიის სქემა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას გაუიაფებს, რადგან კომერციულ ბანკებს რისკს უზღვევს, როდესაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში დაიწყონ აღნიშნული სქემის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, ეს იქნება მართლაც ახალი ფურცელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პირველი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ფონდის 1/3-ს დააფინანსებს სახელმწიფო, 1/3-ს ბანკები და 1/3-ს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დააფინანსებენ.

ტაბულას კითხვაზე თუ რა იქნება ამ სააგენტოს ბიუჯეტი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ დაზუსტებული არაა. 

"როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი მიდის კომერციულ ბანკთან სესხის ასაღებად. შესაბამისად წვდომა ამ შემთხვევაში გაცილებით უადვილდება მცირე და საშუალო ბიზნესს. მხოლოდ ევროპაში 26 ქვეყანაშია ეს ინსტრუმენტი დანერგილი", - ამბობს ქუმსიშვილი.

საკრედიტო საგარანტიო სააგენტოები მრავალ ქვეყანაში მუშაობს. მათგან უმსხვილესი სამხრეთ კორეის საგარანტიო სააგენტოა, რომელსაც ჯამში $44 მილიარდის ღირებულების სესხები აქვს დაზღვეული.

ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისი თქმით, ეს ცვლილება იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მეწარმეობის განვითარებისთვის:

"მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ეს კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ პროექტის წარმატებული გამოცდილება უკვე არის. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს მნიშვნელოვნად გაუზრდის ფინანსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესს", - ამბობს კიკნაველიძე.

ახალი სააგენტო შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნას. სავარაუდოდ ის ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ჩაანაცვლებს, რომლის შექმნაზეც მთავრობა 2015 წლიდან მუშაობს. 

კომენტარები