ონლაინსესხი

ქუმსიშვილი "ონლაინსესხებთან ბრძოლის პირველ ტალღას" წარმატებულად აფასებს

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ქვეყნის საკრედიტო ბაზრის რეფორმირებას გეგმავენ. 7 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის ადეკვატური შეფასების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუწესდათ. ამავდროულად, იგეგმება ახალი ნორმის მიღება, რომელიც მოსახლეობას ლომბარდებში ავტომობილებისა და უძრავი ქონების ჩადებას აუკრძალავს. კიდევ ერთი ცვლილებით ქვეყანაში სესხების განაკვეთზე წესდება ახალი ჭერი 50%-ის ოდენობით. შესაბამისად იკრძალება იმ სესხების გაცემა, რომელთა ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 50%-ზე მაღალია. 

საკრედიტო ბაზარზე პრაქტიკულად ერთადერთი პროდუქტი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დაახლოებით 100%-ია არის ონლაინსესხი. თითქმის ყველა ონლაინ გამსესხებლის განაკვეთი 80-95%-ის ფარგლებში მერყეობს. 

პირველი ვიცეპრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამ ცვლილებას ისევე როგორც "ონლაინსესხებთან ბრძოლის" პირველ ტალღას მომხმარებელთა შავ ბაზარზე გადასვლა არ მოჰყვება. ქუმსიშვილის თქმით, სასესხო ბაზარი რეგულირებადია და სახელმწიფომ მისი მოქალაქეების დაცულობა უნდა უზრუნველყოს.

"მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, როდესაც ჩვენ პირველი ტალღა გვქონდა, როდესაც ჩვენ ვებრძოდით ონლაინ-სესხებს, თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი. მაშინ საშუალო საპროცენტო განაკვეთი ამ სესხებზე იყო 1000% და ზოგჯერ მეტიც. მაშინაც ჩვენს კრიტიკოსებს სწორედ ეს ჰქონდათ კონტრ არგუმენტად, რომ ცვლილება გამოიწვევდა შავი ბაზრის ზრდას. მე ვფიქრობ, რომ პირველმა ტალღამ ამ რეფორმების ცხადად გვაჩვენა რომ არავინ არსად არ წავიდა. შესაბამისად, მეორე ტალღაც ამ რეფორმების გვაჩვენებს, რომ არავინ არსად არ წავა. პირიქით მოწესრიგდება ბაზარი. ეს ბაზარი რეგულირებადი ბაზარია და ამ მიმართულებით მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის რეგულაციები. ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობის დაცვა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია (Payday loan), ამ ტიპის სესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ონლაინსესხები რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ, თუმცა ეს რისკები სესხის განაკვეთში გათვალისწინებულია, ამიტომაც ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთები მაღალია. რადგან მოსახლეობა თანახმაა ასეთ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხების აღება დამატებით კეთილდღეობას ქმნის. 

მთავრობის მიერ შემოთავაზებული 50%-იანი საპროცენტო განაკვეთი არის საკმაოდ ახლოს ქვეყანაში არსებული ლომბარდების საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რაც 45%-ს შეადგენს. ონლაინსესხებისგან განსხვავებით, სალომბარდო სესხი უზრუნველყოფილია ლომბარდში ჩადებული ქონებით. საკრედიტო რისკის დადგომის შემთხვევაში ლომბარდი უზრუნველყოფაში ჩადებულ ნივთს ისაკუთრებს და მის რეალიზაციას ახდენს. ონლაინსესხი კი არაფრით არაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად ის ბევრად რისკიანია, რადგანაც ვადაგადაცილების ან სრული გადაუხდელობის შემთხვევაში გამსესხებელსა და კლიენტს შორის იწყება დავა, ეს დავები კი თვეობითაც შეიძლება გაგრძელდეს და არ არსებობს სრული გარანტია, რომ კომპანია გასესხებულ თანხას დაიბრუნებს. ეს მაღალი რისკი, როგორც წესი ონლაინსესხის საპროცენტო განაკვეთშია ასახული, თუმცა მისი ხელოვნურად შემცირების შემთხვევაში ონლაინგამსესხებელი ბევრად დაუცველი რჩება.

კომენტარები