პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების სამ მიზეზს ასახელებს

ტაბულა

"მაშ ახლა რატომღა ვდგამ ამ ნაბიჯს, რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება - ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო.

"ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც ქართული ოცნების და მით უმეტეს, არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი", - განაცხადა ექსპრემიერმა.

მისი თქმით, "ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს".

გთავაზობთ ივანიშვილის მიერ ჩამოთვლილ სამ მიზეზს [სტილი დაცულია]:

  • ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;
  • ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი;
  • ხელისუფლების შიგნით არსებული მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება დღეს აღარ შეუდარებია მეორედ მოსვლისთვის, რასაც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ამბობდა.

კომენტარები