სპეცოპერაცია კლუბებში

თეთრი ხმაურის მოძრაობა: ნებისმიერი მტკიცებულება, რაც უნდა წარადგინოს შსს-მ, ფალსიფიკაციაა

თეთრი ხმაურის მოძრაობა

"ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ," - თეთრი ხმაურის მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებ განცხადებას პასუხობს. მოძრაობის ინფორმაციით, მათ ყავდათ კონკრეტული წყაროები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ "იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე.

"12 მაისის შავი პარასკევის მოვლენებამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, წყაროები რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ გვატყობინებდნენ რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები რომლთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია. 12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენბმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ." - წერია განცხადებაში.

თეთრი ხმაურის მოძრაობა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს კლუბში არ იმყოფებოდა არცერთი თანამშრომელი და ასევე მათი თქმით, არიან მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ თვითონ დაყარა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველი ნივთიერება. 

"ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ." - წერია განცხადებაში.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

კომენტარები