სპეცოპერაციები კლუბებში

კონსტიტუციის 42-ე მუხლი: რა საჭირო იყო მშვიდობიან ხალხთან ძალადობრივად გასწორება

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მომხდართან დაკავშირებით მეტ კითხვებს აჩენს. მათივე ინფორმაციით, შსს-ს მიერ დასახელებული 8 პირი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

"შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დანაშაულის იდენტიფიცირების მიზნით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს თვეების განმავლობაში, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები; ამ ინფორმაციის ფონზე დამატებითი კითხვები ჩნდება, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა მსგავსი მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალის მობილიზება და ხშირ შემთხვევაში, მშვიდობიან მოქალაქეებთან ძალადობრივი ფორმით გასწორება. ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყო მკაცრი და შეუწყნარებელი, თუმცა, ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმა, მეთოდები და კლუბში გასართობად მისული ადამიანების შენობებიდან ძალით გამოდევნა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცდება, პოლიციის მხრიდან კანონიერ მოქმედებებს. ამასთან, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის ლიბერალიზაციის და შესაბამისი საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებების დაჩქარების აუცილებლობას." - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამინისტრომ გააკეთოს განმარტება, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ფორმით და მეთოდებით სპეცოპერაციის ჩატარება და ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოიძიოს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე სავარაუდო უკანონო დაკავების ფაქტები. 

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი მომართვის შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც სპეცოპერაციისა და შემდგომ, სპონტანურად გამართული აქციის პირობებში გახდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან/და ვერბალური შეურაცხყოფის ან უკანონო დაკავების მსხვერპლი." - წერია განცხადებაში.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები