ნარკოპოლიტიკა

კახა კალაძე ქართული ოცნების ოფისში 21:30-ზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ტაბულა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 21:30-ზე თბილისის მერის, კახა კალაძის საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები არა კალაძის, არამედ მთავრობის მეთაურისგან ითხოვენ განცხადების გაკეთებას. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ღამეს კარვებში გაათენებენ თუ გიორგი კვირიკაშვილი 22:00-მდე არ გააკეთებს განცხადებას და მომხდარზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. 

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თუ საგანგებო განცხადება დაიგეგმება მედიას ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება. ამ დროისთვის ასეთი განცხადება დაგეგმილი არაა. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ძველი შენობის წინ დაახლოებით 10 ათასი ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები