ნარკოპოლიტიკა

კალაძე სპეცოპერაციაზე: მომხდარის ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს

ვიცეპრემიერი კახა კალაძე
ტაბულა

კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. კალაძემ თავდაპირველად თქვა რომ სპეცოპერაციას ღამის ეკონომიკისთვის დარტყმა არ მიუყენებია, შემდეგ აქციის მონაწილეებს შესთავაზა სახელმწიფოსთან ერთად დაიწყონ აქტიური ბრძოლა ნარკორეალიზაციისა და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. შემდეგ ქალაქის მერმა თქვა რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი არის ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება, ხოლო თავად სპეცოპერაციის ფორმა კი შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს. 

"პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ცოტა უკან მინდა დავბრუნდე. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება, მისი მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთ განცხადებას და სპეკულაციას, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე. ამაში მე ვერ დავეხმარები ამ განცხადებებს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ კლუბური ცხოვრება განვითარდება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ მიღწევებით რასაც ქართულმა კლუბურმა ცხოვრებამ მიაღწია.  

თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რომელიც არის ძალიან სამწუხარო. მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. აქ მე დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოდიან და მართავენ აქციას დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდში რომ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

ჩვენს უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, ჩვენ შეკრებილები ვართ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს. აქაც მინდა, რომ მივმართო ახალგაზრდებს, გუნდში დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ამ ქვეყანაში. აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ნახონ თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე. ვთავაზობთ ამ ახალგაზრდებს შემობრძანდით ჩვენი კარი არის ღია. 

ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე. 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი, აქედან როგორც ვიცი 2 არის გამოშვებული და პატიმრობაში რჩება 6 რეალიზატორი. რაც შეეხება ფორმას, ეს პოლემიკის საგანია, თუ როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი", - თქვა კალაძემ.

კომენტარები