ნარკოპოლიტიკა

პრესსამსახური: გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი დღეს არ იქნება

ტაბულა

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დღეს პრემიერმინისტრის საგანგებო ბრიფინგი არ იქნება. ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს". კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები კარვების გაშლას უკვე იწყებენ. ამ დროისთვის 4 კარვის გასაშლელად მიმდინარეობს მზადება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უმაღლესი თანამდებობის პირებმა გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი გახარიამ უნდა აიღონ. სანამ ეს არ მოხდება ისინი დაშლას არ გეგმავენ.

"მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. - ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად", - ამბობს წიქარიშვილი.

"ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე", - ამბობს კალაძე.

"სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას. პირველ რიგში უნდა განიმარტოს მიზანი, მიზანი იყო ის, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყანაში კლუბებში არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ", - ამბობს კობახიძე.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები