აშშ-ისრაელი

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი დაესწრებიან

Getty Images

დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო იხსნება. გახსნაზე დასასწრებად ისრაელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ.

საელჩო ჯერ-ჯერობით იერუსალიმში აშშ-ის საკონსულოს შენობაში განთავსდება, თუმცა მოგვიანებით ახალ შენობაში გადავა.

გახსნაზე უცხოელი დიპლომატებიც არიან მიწვეული, თუმცა მათი ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ცერემონიას არ დაესწრება.

გავრცელებული ცნობით, გასხნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპი ვიდეო კავშირით ჩაერთვება.

იერუსალიმის საფეხბურთო კლუბმა, Beitar Jerusalem-მა გამოაცხადა, რომ "აშშ-ის გაბედული პრეზიდენტისადმი" პატივიცემის ნიშნად სახელს შეიცვლის და Beitar Trump Jerusalem-ი ეწოდება.

გარდა ამისა, იერუსალიმის მერის განცხადებით ქალაქში აშშ-ის ახალ საელჩოსთან მდებარე სკვერს სახელი შეეცვლება და "აშშ-ის სკვერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ" ეწოდება.

"ამ გზით უბრუნებს იერუსალიმი სიყვარულს პრეზიდენტს და აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს მხარში უდგანან. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეღიარებინა იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქად, დამდგარიყო ისტორიული სიმართლის მხარეს და გაეკეთებინა სწორი არჩევანი." თქვა იერუსალიმის მერმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა და განაცხადა, რომ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა ქვეყანას მოუწოდა შეუერთდნენ აშშ-ს და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილებას "საუკუნის სილის გაწნა" უწოდა.

ღაზას სექტორთან ათასობით პალესტინელი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. მარტის შემდეგ ღაზას სექტორთან პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაებების შედეგად 40-მდე პალესტინელი დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველები ისრაელს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ისრაელის არმიის განცხადებით ღაზას სექტორში მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება.

კომენტარები