ერაყი

ერაყის საპარლამენტო არჩევნებში შიიტი სასულიერო პირის ბლოკი ლიდერობს

AFP

ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით ლიდერობს საარჩევნო ბლოკი, რომელსაც შიიტი სასულიერო პირი, 44 წლის მუკთადა ალ-სადრი მეთაურობს. მისმა მომხრეებმა ბაღდადში გამარჯვების აღნიშვნა უკვე დაიწყეს.

მუკთადა ალ-სადრი ერაყში აშშ-ის ძალების ყოფნის წინააღმდეგ ორ ამბოხებას ხელმძღვანელობდა. ის ასევე იმ შიიტ ლიდერთა შორისაა, ვინც ირანს გაემიჯნა.

თავად სადრი არჩევნებში არ მონაწილეობს და, შესაბამისად, პრერმიერმინისტრის პოსტს არ დაიკავებს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ბლოკი სამთავრობო კოალიციაში შევა, მას გავლენა ექნება პრემიერმინისტრის დანიშვნაზე.

პრემიერმინისტრ ჰეიდარ ალ-აბადის სამთავრობო ალიანსი მესამე ადგილს იკავებს.მეორე ადგილზე შიიტური მილიციის ვეტერანი ლიდერი ჰადი ალ-ამირი და მისი ბლოკია, რომელსაც მხარს ირანი უჭერს.

ეს ერაყის მთავრობის მიერ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში გამართული პირველი არჩევნებია. საბოლოო შედეგები ორშაბათს საღამოს გამოცხადდება.

ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 44.5% გამოცხადდა.

არსებული წინასწარი შედეგებით სადრის ბლოკი პარლამენტში 54 ადგილს მოიპოვებს, ამირის ბლოკი - 47, ხოლო აბადის პარტია 42 ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მთავრობის შესაქმნელად კოალიციების ჩამოყალიბება მოუწევთ. მათ ამისათვის 90 დღე ექნებათ.

 

კომენტარები