ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 2 პალესტინელი დაიღუპა

Reuters

დღეს ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 2 პალესტინელი დაიღუპა. დაშავდა 35, მათ შორის 4 ჟურნალისტი.

ღაზას სექტორში პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გასხნას აპროტესტებენ. მათ საბურავები დაწვეს.

ისრაელის სამხედრო ძალებმა სექტორის ტერიტორიაზე ბროშურები ჩამოყარეს, რომელიც პალესტინელებს აფრთხილებს არ იქცნენ ჰამასის იარაღად და არ მიუახლოვნენ ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის დაზიანებულ საზღვარს.

შეგახსენებთ, რომ დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო იხსნება. გახსნაზე დასასწრებად ისრაელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ.

საელჩო ჯერ-ჯერობით იერუსალიმში აშშ-ის საკონსულოს შენობაში განთავსდება, თუმცა მოგვიანებით ახალ შენობაში გადავა.

გახსნაზე უცხოელი დიპლომატებიც არიან მიწვეული, თუმცა მათი ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ცერემონიას არ დაესწრება.

გავრცელებული ცნობით, გასხნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპი ვიდეო კავშირით ჩაერთვება.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა და განაცხადა, რომ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა ქვეყანას მოუწოდა შეუერთდნენ აშშ-ს და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. გვატემალა იერუსალიმში საელჩოს გახსნას ოთხშაბათს გეგმავს, ხოლო პარაგვაი მიმდინარე თვის მანძილზე.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილებას "საუკუნის სილის გაწნა" უწოდა.

მარტის შემდეგ ღაზას სექტორთან პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაებების შედეგად 47 პალესტინელი დაიღუპა. გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველები ისრაელს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ისრაელის არმიის განცხადებით ღაზას სექტორში მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება.

კომენტარები