ნარკოპოლიტიკა

ლომჯარია: გახარია და თეთრი ხმაურის მოძრაობა სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ

სახალხო დამცველი

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. სახალხო დამცველმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ მხარეები სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. 

"ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკორეალიზატორებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, შეიქმნება ორი სახის ჯგუფი, ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის რეფორმას უკავშირდება, ასევე საუბარი იყო მომავალ დღეებში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე. მე შევთავაზე ორგანიზატორებს, ყველა საჩივარი შემოიტანონ სახალხო დამცველთან და შევისწავლით თითოეულს. შსს მზად არის, გადმოგვცეს ვიდეოკადრები და მათი ნახვის შესაძლებლობა გვექნება - ეს არის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობის, ასევე აქციის მონაწილეების დაკავების კადრები" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისის ღამეს, სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ, პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები კლუბებში არ დაუკავებიათ.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა. რის შემდეგაც, აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთკვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს, რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ. შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

კომენტარები