სპეცოპერაცია კლუბებში

გახარია: ნარკოპოლიტიკაზე და 12 მაისის ღონისძიებაზე ორი ჯგუფი იმუშავებს

facebook.com/economypr

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ნარკოპოლიტიკასთან და 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ორი ჯგუფი იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. დღეს ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, ორი ჯგუფიდან ერთი, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, მეორე ჯგუფი კი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე  ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში, იმიტომ, რომ,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც პროკურატურაში არ არსებობს. ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალზე მარტივი პასუხი. პირველი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბში შესული ყველა თანამშრომელი აღჭურვილი იყო სამხრე კამერით და უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, განსაკუთრებით, კლუბის შიგნით. ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ, ძირითადად, შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში. შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა, დაახლოებით, იყო 70, ვინც ამ დროს  კლუბში იმყოფებოდა და იქ არ დასტურდება ასეთი ფაქტები."- ამბობს გახარია. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არც ერთი ბრალდებული კლუბებში არ დაუკავებიათ და 8 პირი ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე იყო დაკავებული.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს არც პარასკევს ღამით, არც შაბათს და არც კვირას, მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია. გუშინ საღამოს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ "სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ".

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთ კვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს, რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ.

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ კვირას საღამოს განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ "უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა".

კომენტარები