ღაზას სექტორი

ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 58 პალესტინელი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გუშინ იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო ჩართვით მიმართა. ცერემონიას დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

საელჩოს გახსნამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვართან. მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და ისრაელის არმიას ქვები დაუშინეს. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათი ნაწილი საზღვარზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდა.

ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 58 პალესტინელი დაიღუპა.

დაშავდა 2,700-ზე მეტი. მათ ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. ისრაელის ძალებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებებიც გამოიყენეს.

ღაზას სექტორის საზღვართან პროტესტი დღესაც გრძელდება. დღეს პალესტინელთათვის ნაკბას (კატასტროფა) დღეა, როდესაც, 1948 წელს ასობით ათას პალესტინელს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ქმედებებს თავდაცვა უწოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომელთაც მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს აშშ-მა ისრაელის განცხადებას მხარი დაუჭირა და ღაზას სექტორში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

"ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება დაიცვას საკუთარი საზღვრები. ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს მის სურვილს გაანადგუროს ისრაელი და ამ მიზნის მისაღწევად აგზავნით ათასობით ადამიანს საზღვრის გასარღვევად. ჩვენ გადამწყვეტად ვიმოქმედებთ რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და მოქალაქეები." დაწერა ნეთანიაჰუმ Twitter-ზე.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა და განაცხადა, რომ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა ქვეყანას მოუწოდა შეუერთდნენ აშშ-ს და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. გვატემალა იერუსალიმში საელჩოს გახსნას ოთხშაბათს გეგმავს, ხოლო პარაგვაი მიმდინარე თვის მანძილზე.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის გადაწყვეტილებას "საუკუნის სილის გაწნა" უწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები