17 მაისი

17 მაისს დაგეგმილი აქცია ღია იქნება და ყველა მსურველს შეეძლება დასწრება

kyivpost.com

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი აქცია, ორგანიზატორების ცნობით, ღია იქნება და მასზე დასწრება ყველას შეეძლება. 

"თანასწორობის მოძრაობის" მიერ დაორგანიზებული აქცია 17 მაისს 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. 

ორგანიზატორები აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირებს მოუწოდებენ, რომ თუკი სურვილი ექნებათ, მათი უსაფრთხოების დაცვის გამო, შეუძლიათ, დათქმულ ადგილას სამართალდამცავებით დაცული ტრანსპორტით მივიდნენ, რისთვისაც სარეგისტრაციო ფორმა უნდა გაიარონ. რეგისტრაციის ვადა 16 მაისს, 18:00 საათზე იწურება. 

"საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი - სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე. ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ,"- წერია თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზატორების განცხადებით, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა და დაჯგუფებების მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოების დაქსაქსვა და ერთმანეთისთვის დაპირისპირება. 

"2013 17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება,"- წერია განცხადებაში. 

სწორედ ამიტომ, ორგანიზატორების განცხადებით, წელს გამართულ აქციაზე შეიკრიბებიან იმისთვის, რომ საზოგადოებას შეახსენონ სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები. ამასთან, მათი თქმით, მათი მიზანია, მკაფიოდ უთხრან ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა ფუჭია.

კომენტარები