მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. ასევე, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; ვაგონებში განთავსდა მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით.
მოდერნიზებული ვაგონების პრეზენტაციის პარალელურად, განსხვავებული დიზაინის სამგზავრო ბარათი იქნა წარდგენილი, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.„მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებულ რეზო მელიქიშვილია.
„მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსი თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 10 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
ახალი ბარათების შეძენა მგზავრებს 15 მაისიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. 23-დან 26 მაისის ჩათვლით კი, ბარათები მეტროსადგურების სალაროებში მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ.