საქართველოს პარლამენტი

გიორგი გახარია 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება. მისი თქმით, "კონსულტაციებით გადაწყდა, რომ შს მინისტრი მივა პლენარულ სხდომაზე და არა მხოლოდ რომელიმე ფრაქციის ან კომიტეტის ფორმატში".

"კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და მათზე პასუხები საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება“, - თქვა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა და პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია. 14 მაისს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიწვევდნენ, თუმცა, დღეს ევროპულმა საქართველომ შს მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში დაიბარა.

კომენტარები