სიტყვის თავისუფლება

ოცნების კანონპროექტით, შესაძლოა შემოქმედებითი თავისუფლება შეიზღუდოს

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი ფოტო: Spartaky / Wikipedia

პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი თავისუფლება შეიზღუდოს. აღნიშნული რისკი უკავშირედება კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერს, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ერთადერთი უწყება, რომელსაც ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება არის სასამართლო.

კანონპროექტის მიხედვით ქვეყანაში ცენზურა დაუშვებელია გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • როდესაც ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს (კონსტიტუცია მხოლოდ ამ შესაძლებლობას აწესებს ნაწარმოების აკრძალვისთვის, დანარჩენი პუნქტები კი კონსტიტუციის მოთხოვნებს შორდება);
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეროვნულ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს ეთნიკურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რელიგიურ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები აღვივებს რასობრივ შუღლს;
  • როდესაც ნაწარმოები ქადაგებს ომს და ძალადობას;
  • როდესაც ნაწარმოები პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვის მხოლოდ ერთ შესაძლებლობას აწესებს - როდესაც კონკრეტული ნაწარმოები ლახავს ადამიანის უფლებებს, ის შეიძლება აიკრძალოს. ის სია რაც კულტურის შესახებ კანონის პროექტშია მოცემული კონსტიტუციის ჩანაწერს შორდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, აღნიშნული მიზეზებით თუ სასამართლოს ნაწარმოების აკრძალვის უფლება მიეცემა, ამას შესაძლოა ქვეყანაში ცენზურის შემოღება მოჰყვეს.

"ეს ცალსახად არაკონსტიტუციური იქნება, ახალი კონსტიტუციის რედაქციითაც, რადგანაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობას კონსტიტუცია მხოლოდ სხვათა უფლებების შელახვის შემთხვევაში ადგენს რომ შეიძლება შეიზღუდოს ნაწარმოები. ეს ცვლილება რასაც ვხედავთ არის ცალსახად არაკონსტიტუციური. ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან საშიში პრეცედენტები პრაქტიკულად ტალღას ვხედავთ, როდესაც უკანასკნელი კვირების მანძილზე როგორც სასამართლო პრაქტიკით, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე ცალსახად მიმართულია მათი ქმედებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ან ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან საშიში. 

ამ შემთხვევაში მაგალითად ჰიტლერის მაინ კამფიც უნდა ავკრძალოთ. შესაძლებელია იყოს ფილმი, ლექსი, სპექტაკლი და ასე შემდგომ. რას დაინახავს მოსამართლე დარღვევად წინასწარ რთულია დადგენა. მაგალითად, "აი ისას" საქმეზე რაც დაინახა მოსამართლემ - "ძლევაი საკვირველი" დაინახა როგორც პრობლემა. ძალიან საშიშ პრეცედენტებთან გვაქვს უკვე საქმე. ეს აღარ არის ერთი და ორი ინდივიდუალური შემთხვევა, ეს არის ტენდნენცია, რომელიც ხვალ უკვე სხვა უფლებებზე გადაინაცვლებს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ეს უკვე მიზნად აქვს დასახული", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ნაწარმოები შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:

მეოცე მუხლი

"შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს".

შესაბამისად, კონსტიტუცია ნაწარმოების აკრძალვას მხოლოდ უფლების შეზღუდვის შემთხვევაში ითვალისწინებს. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, კულტურის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი დღესაც არსებობს თუმცა ის მკვდარ ნორმას წარმოადგენს, რადგანაც მისი აღსრულების შესაძლებლობა არ არსებობს.  იმის გამო რომ ახალი კანონპროექტით სასამართლოს მიეცემა უფლება გადაწყვიტოს აღნიშნული დავები მას შესაძლოა ცენზურის შემოღების ეფექტი ჰქონდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელენე კალანდაძე

კომენტარები