პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ნაჩუქარი ლამბორგინის გაყიდვიდან მიღებულ £615,000-ს ქველმოქმედებას მოახმარს

CNA/ Daniel Ibáñez

პაპი ფრანცისკესათვის ნაჩუქარი ლამბორგინის ფირმის ავტომობილი Huracan-ი 615,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ავტომობილში გადახდილი თანხა თითქმის 4-ჯერ აღემატება მის რეალურ ფასს.

ვატიკანის დროშის ფერებში, თეთრსა და ოქროსფერში გაფორმებული ლამბორგინი, რომელიც პაპის მიერაა ნაკურთხი და ხელმოწერილი, მონტე კარლოში გამართულ სოტბის აუქციონზე გაიყიდა. მიღებული თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.


ფოტო: RM Sotheby's/ SWNS

 

კერძოდ, ერაყის ქალაქ ნინევეს, რომელიც ISIS-ის მიერ იყო ალყაშემორტყმული, 430,000 ფუნტი გადაეცემა. ეს თანხა იძულებით გადაადგილებულ ქრისტიანებს დაეხმარება, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

დარჩენილი 185,000 ფუნტი გაიყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილი მოხმარდება ტრეფიკინგის მსხვერპლების მხარდაჭერას, ხოლო მეორე - აფრიკის სამედიცინო სფეროს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პაპი ფრანცისკე ნაჩუქარ ტრანსპორტს აუქციონზე ყიდის. 2013 წელს მას ჰარლი დევიდსონის ფირმის მოტოციკლი აჩუქეს, რომლის საბაზრო ფასმაც 9,500 ფუნტი შეადგინა. მოტოციკლი, რომელიც ასევე პაპის მიერ ნაკურთხი და ხელმოწერილი იყო, აუქციონზე 240,000 ფუნტად გაიყიდა. მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

კომენტარები