სპეცოპერაცია კლუბებში

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებიან

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყო. თუმცა, მას არ ესწრება ერთ-ერთი აქტივისტი, ანა სუბელიანი. მისი თქმით, ეს თავად გიორგი გახარიას მოთხოვნაა. 

"უამრავი ადამიანი მეკითხება იმის შესახებ, თუ რა სიახლეებია. კითხვებს მისვამს მედია. მეც ვგრძნობ ამ ყველაფერზე უდიდეს პასუხისმგებლობას, რადგან სხვა ადამიანებთან ერთად, ვიყავი ამ პროცესის სათავეში. მაგრამ პასუხები არ მაქვს! ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გახარიასთან შეხვედრაზე, როგორც სხვა პირები მეუბნებიან, შსს-ს წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ანა სუბელიანი არ უნდა შესულიყო ამ შეხვედრაზე. იმის შემდეგ მუდმივად ვცდილობ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მეც თქვენთან ერთად ველოდები ინფორმაციას, ველოდები გამჭვირვალობას!", - დაწერა სუბელიანმა ფეისბუქზე. 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, რომელიც ჯერაც გრძელდება - თეთრი ხმაურის განცხადების მიხედვით, მათ მინისტრთან ორ საკითხი უნდა განიხილონ: 

12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

  1. ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება.
  2. ამ საკითხზე მუშაობის დაპირებები მინისტრისგან მათ 13 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაიშალა. 

"ბუნებრივია ეს არ არის ის მაქსიმუმი რის მიღწევასაც ვითხოვდით, ეს არ ნიშნავს რომ შედეგი მივიღეთ და კმაყოფილნი ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას", - აცხადებს მოძრაობა. 

თეთრი ხმაურის და რიგითი მოქალაქეების პროტესტი 12 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ ღამის კლუბში - ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. 

მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. 

გუშინ, 14 მაისს კი პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გაიმართა სასამართლოც - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა.

12 მაისს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა სწორედ წინა ღამით მომხდარი გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. იმ დღეს გახარია განცხადებებს არ გამოხმაურებია, კომენტარი მხოლოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ "ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება". 

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გიორგი გახარია 13 მაისის საღამოს შეხვდა. მანამდე პარლამენტის ორივე მხარეს ნეო-ნაცისტური, რადიკალური ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ ტერიტორიის "გათავისუფლება" უნდოდათ. 

13 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასა და გახარიას შორის შედგა, აქცია დაიშალა. მინისტრმა აქტივისტებს სწორედ ორი საკითხის შესრულების დაპირება მისცა: რომ იმსჯელებდნენ 12 მაისის ღამით მომხდარზე და დაისჯებოდნენ ისინი, ვინც გადაცდომა ჩაიდინა და რომ განიხილებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან, მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პარლამენტის შენობის შიდა ეზოს გავლით, ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ

აქტივისტები გახარიას გუშინ, 14 მაისსაც შეხვდნენ. გახარიამ თქვა, რომ "როცა შსს-ს აქვს ეჭვი ნარკორეალიზაციაზე, ვერავინ შეზღუდავს მისი მოქმედების არეალს". 

კომენტარები