სპეცოპერაცია კლუბებში

მეზვრიშვილი: ის, რაც ჩვენ კლუბში გავაკეთეთ, იყო საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა

შსს

"ის, რაც ჩვენ კლუბში გავაკეთეთ, იყო საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, რომელსაც ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი და მე არ მგონია, რომ რომელიმე იურისტი ამაზე შეგვეკამათოს. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მტკიცებულება. კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია", - ასე ახსნა ნათია მეზვრიშვილმა 12 მაისის ღამეს კლუბებში ბასიანი და გალერი ჩატარებული რეიდი. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამაზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"მთელი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პროცესში დავადგინეთ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი, მათ შორის ბასიანსა და გალერიში, სადაც პარასკევს საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ. ის, რაც ჩვენ კლუბში გავაკეთეთ, იყო საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, რომელსაც ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი და მე არ მგონია, რომ რომელიმე იურისტი ამაზე შეგვეკამათოს. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მტკიცებულება. კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია.  

რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და გამოძიების ფარგლებში, რომლებიც ამ გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარეობდა, დადგენილია, რომ ეს ადამიანები გარდაცვალებამდე კლუბებში იმყოფებოდნენ. 

ბოლო პერიოდის მონაცემებს თუ გადავხედავთ, გაზრდილია საავადმყოფოებიდან შემოსული შეტყობინებების, სადაც, თავის მხრივ, მათთან კლუბებიდან შედის შეტყობინებები ადამიანების ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაციის შესახებ. გვქონდა ვიდეომასალა, საკონტროლო შესყიდვები, რომელიც ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. აქ მე მებადება კითხვა, ნორმალური სამართალდამცველი უნდა შესულიყო თუ არა იმ კლუბებში, სადაც ნარკოტიკული საშუალებები სწორედ იმ დროს იყიდებოდა, როდესაც შევედით, საუბარია პირველიდან ორ საათამდე პერიოდში და ამაზე ნურავინ შემეკამათება, იმიტომ რომ ბევრჯერ დაისვა ეს შეკითხვა, რატომ შევედით იმ დროს, როდესაც ივენთი მიმდინარეობდა. შევედით იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს კლუბებში ნარკოტიკი იყიდებოდა. აქ საუბარი იმაზე, რომ კლუბებში არ უნდა შევსულიყავით, დამთავრებულია", - თქვა მეზვრიშვილმა. 

თეთრი ხმაურის და რიგითი მოქალაქეების პროტესტი 12 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ ღამის კლუბში - ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ სწორედ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. 

მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. 

14 მაისს კი პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გაიმართა სასამართლოც - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა. დაკავებულებს არ აღმოაჩნდათ ოპიატური ნივთიერებები, სავარაუდოდ რომელთა გამოც დაიღუპა, შსს-ის ინფორმაციით, 4 ახალგაზრდა. 

12 მაისს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა სწორედ წინა ღამით მომხდარი გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. იმ დღეს გახარია განცხადებებს არ გამოხმაურებია, კომენტარი მხოლოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ "ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება". 

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გიორგი გახარია 13 მაისის საღამოს შეხვდა. მანამდე პარლამენტის ორივე მხარეს ნეო-ნაცისტური, რადიკალური ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ ტერიტორიის "გათავისუფლება" უნდოდათ. 

13 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასა და გახარიას შორის შედგა, აქცია დაიშალა. მინისტრმა აქტივისტებს სწორედ ორი საკითხის შესრულების დაპირება მისცა: რომ იმსჯელებდნენ 12 მაისის ღამით მომხდარზე და დაისჯებოდნენ ისინი, ვინც გადაცდომა ჩაიდინა და რომ განიხილებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან, მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პარლამენტის შენობის შიდა ეზოს გავლით, ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ. 

მომდევნო დღეს გახარიამ თქვა, რომ "როცა შსს-ს აქვს ეჭვი ნარკორეალიზაციაზე, ვერავინ შეზღუდავს მისი მოქმედების არეალს". 

ბოდიშის არსზე დღეს ნათია მეზვრიშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება". 

კომენტარები