კრიმინალი

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

"საქართველოს ბანკის" ჯგუფურად ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ ქ.თბილისში ქინძმარაულის შესახვევში მდებარე ს.ს. "საქართველოს ბანკის" ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. კი ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას. თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ ს.ს. "საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 4254 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.გ. და ლ.ს. 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისში, ხოლო ბ.გ. 2017 წლის 21 დეკემბერს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები