თბილისის მერია

კალაძე: ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს სახლებს ავუშენებთ

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და სახლებს ააშენებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თბილისში 3000-ზე მეტმა ოჯახმა, 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლო საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება. 

"ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულები არიან, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები, ხოლო მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მათ მოიძიეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

"შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტული პრინციპით განხორციელდება და ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მეტი დაზარალებულის დაკმაყოფილება ფართებით. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კვირის გოლი: ჟერვინიოს სოლო-რეიდი "კალიარისთან"

კომენტარები