გვატემალა

იერუსალიმში გვატემალას საელჩო გაიხსნა

Reuters

დღეს იერუსალიმში გვატემალას საელჩო გაიხსნა. საელჩოს გასხნას გვატემალას პრეზიდენტი ჯიმი მორალესი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრნენ.

"შემთხვევითი არაა, რომ გვატემალა ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც იერუსალიმში საელჩო გახსნა. თქვენ ყოველთვის პირველებს შორის ხართ. თქვენ მეორე ქვეყანა იყავით, ვინც ისრაელი ცნო." თქვა ნეთანიაჰუმ გახსნის ცერემონიაზე.

საელჩოს გადატანის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა გასული წლის დეკემბერში, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აიღიარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს იერუსალიმში გაიხსნა აშშ-ის საელჩო. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო ჩართვით მიმართა. ცერემონიას დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

საელჩოს გახსნამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვართან. მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და ისრაელის არმიას ქვები დაუშინეს. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათი ნაწილი საზღვარზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდა.

ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 60-მდე პალესტინელი დაიღუპა.

დაშავდა 2,700-ზე მეტი. მათ ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. ისრაელის ძალებმა მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებებიც გამოიყენეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ქმედებებს თავდაცვა უწოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომელთაც მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს აშშ-მა ისრაელის განცხადებას მხარი დაუჭირა და ღაზას სექტორში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის სამხედრო ძალების ქმედებას "გენოციდი" უწოდა, ხოლო ისრეალს "ტერორისტული სახელმწიფო". თურქეთმა ქვეყნიდან ისრაელის ელჩი გააძევა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაისის ბოლოს საელჩოს იერუსალიმში პარაგვაიც გადაიტანს.

კომენტარები