17 მაისი

ომბუდსმენი 17 მაისის მოვლენებს დააკვირდება, იმუშავებს ცხელი ხაზიც - 1481

სახალხო დამცველი

2018 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ომბუდსმენს დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით შემდეგ ნომერზე - 1481.

"საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება."- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რომ მათ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში აღნიშნონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე.

 

კომენტარები