17 მაისი

საშიშროების გამო ლგბტ აქტივისტები წელს 17 მაისის აქციას აუქმებენ

GHN

ლგბტ ორგანიზაციები და აქტივისტები წელს 17 მაისს ქუჩაში აღარ აღნიშნავენ. აქტივისტებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს საშიშროების გამო. აქტივისტების თქმით, მათ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღეს და ამ ჯერზე თმობენ კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის უფლებას და აუქმებენ აქციას, რათა დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში ხელი არ შეუწყონ. 

"ცნობილია, რომ მიმდინარე 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომელთა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზებით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. 

ყველანაირად ვეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არ დაგვემთხვია ჩვენი აქტივობებისთვის არც დროსა და არც ლოკაციაში, მათ მაინც დაამთხვიეს თავიანთი აქტივობა ჩვენსას. ეს ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა," - განაცხადეს აქტივისტებმა. 

მათი თქმით, სახეზე გვყავს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ძალების უპრეცედენტო გაძლიერება. ხელისუფლების მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი კი ფასადურია, მეტიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მუდმივად ხელს უწყობენ საკუთარი განცხადებებით საზოგადოებაში ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და შუღლის გაღვივებას. 

კომენტარები