17 მაისი

ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფი მთავრობის კანცელარიასთან აქციის ჩატარებას გეგმავს

agora.ge

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, "ქართული იდეის" წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან "პრევენციის მიზნით" შეიკრიბებიან, რათა ლგბტ აქტივისტებმა იქ აქცია არ გამართონ.

"რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან - ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე "ქართულ იდეას" შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება", - ამბობს გია კორკოტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ "თანასწორობის მოძრაობამ" დღეს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა კანცელარიასთან დამოუკიდებელი აქტივისტები.

საქართველოს შინაგან საქმე სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას", - აცხადებენ უწყებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისადა მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები