ყირიმის ანექსია

ვლადიმირ პუტინმა რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდი გახსნა

reuters

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდი ნარინჯისფერი სატვირთო მანქანით გადაკვეთა. ახლადგახსნილი ხიდის სიგრძე 19 კილომეტრია. მეგა-პროექტი, რომლის მშენებლობაც, წესით, 6 თვეში უნდა დასრულებულიყო, რუსეთს 2014 წლიდან მიტაცებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.

“ეს აღსანიშნავი შედეგია, რომელიც ყირიმსა და ლეგენდარულ სევასტოპოლს უფრო მეტად აძლიერებს. ახლა ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან.” - ამ სიტყვებით მიმართა ხალხს ვლადიმირ პუტინმა ნარინჯისფერი სატვირთო მანქანით სეირნობის შემდეგ.

ხიდი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დასავლეთით მყოფ ქალაქ ქერჩსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას აკავშირებს. გახსნის ცერემონიალი უფრო მეტად თეატრალური და ფორმალური იყო, რადგან გარშემო გაყვანილი გზების მშენებლობა, ჯერჯერობით, არაა დასრულებული.

სრული პროექტის ღირებულება 7.5 მილიარდი დოლარია. ეს რკინიგზის ორი ხაზის მშენებლობასაც მოიცავს, რისი დასრულებაც შემდეგი წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ 2023 წლამდე არ გაიხსნება.

რამდენიმე თვის წინ, ვლადიმირ პუტინმა ხიდის მშენებლობაში მონაწილეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ სამშენებლო სამუშაოები, რადგანაც მისი სურვილი იყო ხიდი ზაფხულის სეზონის დადგომამდე გაეხსნათ. აპრილის თვეში პუტინმა ანექსირებული ყირიმის დედაქალაქში, სიმფეროპოლში ახალი აეროპორტიც გახსნა.

აეროპორტისა და ხიდის ეკონომიკური პოტენციალი, ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყირიმი რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. საერთაშორისო სანქციების გამო, ყირიმში უცხოური ნომრები და საკრედიტო ბარათები დაბლოკილია, რაც ტურისტების ჩასვლას ლიმიტირებულს ხდის.

ახლადგახსნილი ხიდი ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას უფრო მეტად უმძაფრებს უკრაინისგან იზოლირების განცდას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ხიდის მშენებლობა არაკანონიერია, რაც კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის კანონების უგულვებელყოფაა.

კომენტარები