სუმო

ტოჩინოშინი ზაფხულის ბაშოზე ერთადერთი დაუმარცხებელი სუმოისტია

ტაბულა

ტოჩინოშინი ზაფხულის ბაშოზე ერთადერთი დაუმარცხებელი სუმოისტია. 2018 წლის ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს ქართველმა ლევან გორგაძემ იაპონელი იუტაკაიამა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. 

დღესვე დამარცხდა იოკოძუნა ჰაკუჰო - ლეგენდარულ მოჭიდავეს 27 წლის იაპონელმა აბიმ სძლია. 

ასევე მარცხი იწვნია კიდევ ერთმა იოკოძუნა კაკურიომ. ჰაკუჰოს და კაკურიუს ახლა 5-5 გამარჯვება და თითო-თითო წაგება აქვთ.

ბაშოს დასრულებამდე 9 დღეა დარჩენილი. ნაცუ, იგივე ზაფხულის ტურნირი 13 მაისს დაიწყო და 27 მაისს დასრულდება. 

იმ შეთხვევაში, თუ ტოჩინოშინი ბაშოს გამარჯვებული გახდება ან, სულ მცირე, 11 გამარჯვებით დაასრულებს, შესაძლოა მან რანგით აიწიოს და ოძეკი გახდეს. ახლა მას სეკივაკეს წოდება აქვს. 

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი ზამთრის ბაშოზე იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

ჰაცუ ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება გაზაფხულის ბაშოს - ტოჩინიშინი ფეხის მძიმე ტრავმით ჭიდაობდა, რამაც გამარჯვებაში ხელი შეუშალა. ტურნირი მან 10 გამარჯვებით და 5 წაგებით დაასრულა. 

კომენტარები