ფაშისტური და ძალადობრივი ჯგუფები

გახარია ფაშისტურ ჯგუფებზე: ამ ეტაპზე დამატებითი კანონმდებლობა საჭირო არ არის

ghn.ge

„დღევანდელი კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია მსგავს [ფაშისტურ] ჯგუფებთან სამუშაოდ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი ინსტრუმენტარი არა გვაქვს", - ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ფაშისტური ჯგუფების შესახებ საუბრისას თქვა. 

მან ქართული ოცნების დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის კითხვას უპასუხა ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის თავს ფაშისტურად აიდენტიფიცირებენ.დეპუტატმა მინისტრს ასევე ჰკითხა, ხომ არ არის სასურველი დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ამ მიმართულებით. 

"მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, მიმდინარეობს დაკითხვები. შსს მაშინვე, როგორც კი დააფიქსირებს გამოხატვის თავისუფლების ფორმების გადამეტებას, გადასულს ძალადობის მოწოდებაში, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. ერთმნიშვნელოვნად გვესმის ის შეშფოთება რომელიც ამ დარბაზში გამოითქვა. თუ საგამოძიებო პროცესი მიგვიყვანს მასალამდე, სადაც აშკარად დავინახავთ გამოხატვის თავისუფლების გადაჭარბებას, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ. არ გვჭირდება ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელმაც შემდგომ შეიძლება გარკვეული რისკები შეგვიქმნას. თუმცა, მოგეხსენებათ რომ იქ, სადაც მსგავსი ფაქტები იყო გამოვლენილი, შსს მოქმედებს ყველანაირი უკან დახევის გარეშე. თუ მომავლისთვის ჩვენ დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქმა უნდა მოგმართავთ, რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა და ბრძოლა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი", - თქვა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ნეოფაშისტური დაჯგუფების „საქართველოს ეროვნული ერთობა“ წევრები 17 მაისს რუსთაველზე ფაშისტური სიმბოლოკით და ჟესტიკულაციით გადაადგილდებოდნენ.

მოძრაობა საკუთარ თავს სწორედ ფაშისტურს უწოდებს. 13 მაისს ეს ჯგუფი პარლამენტთან მიმდინარე აქციის კონტრაქციას მართავდა სხვა ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად. კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.

კომენტარები