სიძულვილის ენა

არა ფობიას: დეპუტატის ჰომოფობიური განცხადება სიძულვილს და აგრესიას ამწვავებს

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ქართული ოცნების დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადება უაღრესად შემაშფოთებელია, ვინაიდან ის უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.

კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში გუშინ თქვა:

"როგორც მოქალაქე, ცხადია ვითხოვ, იყოს კატეგორიულად დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი, სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ". 

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების განცხადებით, "გარდა იმისა, რომ კობა ლურსმანაშვილი იყენებს სიძულვილის ენას, ვითარებას წარმოაჩენს იმდაგვარად, თითქოს ძალაუფლება სწორედ უმცირესობის ჯგუფების ხელშია და დაცვას საზოგადოების უმრავლესობა საჭიროებს. აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს, თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი ამავდროულად გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI), თანასწორობის მოძრაობა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აწერენ. 

კომენტარები