სპეცოპერაცია კლუბებში

თხმ: აქციის საკითხი გადაწყდება, როცა ნარკოპოლიტიკაზე შსს-ის პოზიციას მოვისმენთ

0 კომენტარი
ფოტო: თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, დაანონსებული აქციის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე პოზიციას მოისმენენ. 

ეს მოძრაობის განცხადებაში წერია, რომელიც მათ დღეს გაავრცელეს. 

"დაიწყო შაბათიც, ბოლო დღე, რომელიც შს სამინისტროს ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოლაპარაკების მაგიდისთვის მივეცით, შეხვედრის ზუსტი დრო კი აქამდე უცნობია. დაანონსებული აქციის საკითხს გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ სამინისტროს პოზიციას რეფორმასთან დაკავშირებით.

ყველასთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ორწლიანი მუშაობის შემდგომ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ცვლილებისთვის და შევძლებთ თუ არა მოხმარებისთვის ციხეში მჯდომი უდანაშაულო მოქალაქეების დახსნას, ავირიდებთ, თუ არა მომავალში პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის სუბსტანციების ფლობისთვის ადამიანთა მომავლის განადგურებას.

რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობთ ნათელია, რომ მძიმე და კრიზისული დღეების შემდგომ ხალხში არაერთგვაროვანი განწყობებია, მოცემულ ვითარებაში კი ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრისა და მხარდამჭერთა კონსოლიდაციას. გვსურს, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, ვკონცენტრირდეთ და გავძლიერდეთ, არ ვუღალატოთ ჩვენს ბრძოლას გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩვენი ღირსებისა და თავისუფლების მუდმივი ხელყოფა, ვიფიქროთ ცივი გონებით და ვიაროთ ერთობლივი სტრატეგიით გამარჯვებამდე" - ნათქვამია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში. 

ასევე, ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქცია არ გაიმართა, დავით სერგეენკოს საქართველოში არყოფნაა.

"წინა შეხვედრაზე ვთქვით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის განხილვაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობა აუცილებელია", - თქვა ბაია პატარაიამ. 

თეთრი ხმაურის და რიგითი მოქალაქეების პროტესტი 12 მაისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ ღამის კლუბში - ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. 

მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. 

14 მაისს კი პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გაიმართა სასამართლოც - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ნივთიერება მდმა ჰქონდა.

12 მაისს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა სწორედ წინა ღამით მომხდარი გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. იმ დღეს გახარია განცხადებებს არ გამოხმაურებია, კომენტარი მხოლოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა და თქვა, რომ "ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება". 

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს გიორგი გახარია 13 მაისის საღამოს შეხვდა. მანამდე პარლამენტის ორივე მხარეს ნეო-ნაცისტური, რადიკალური ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ ტერიტორიის "გათავისუფლება" უნდოდათ. 

13 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობასა და გახარიას შორის შედგა, აქცია დაიშალა. მინისტრმა აქტივისტებს სწორედ ორი საკითხის შესრულების დაპირება მისცა: რომ იმსჯელებდნენ 12 მაისის ღამით მომხდარზე და დაისჯებოდნენ ისინი, ვინც გადაცდომა ჩაიდინა და რომ განიხილებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან, მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, პარლამენტის შენობის შიდა ეზოს გავლით, ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ. 

დაშლამდე თეთრმა ხმაურმა გააკეთა განცხადება, რომ თუ შსს დაპირებას არ შეასრულებდა, აქციები 19 მაისს განახლდებოდა. თავად გახარიამ კი თქვა, რომ დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დემონსტრანტებს კვლავ შეეძლებოდათ პარლამენტის წინ შეკრება და ცეკვა. 

მას შემდეგ მოძრაობის წევრები და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე მიღწეული არ არის. 

შეხვედრებს არ ესწრებოდა ანა სუბელიანი, 12-13 მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი თქმით, ეს თავად მინისტრ გახარიას მოთხოვნა იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები