დასაქმება

უმუშევრობის ახალი მაჩვენებელი გაიზარდა - საქსტატმა წინა წლების მაჩვენებელიც გაზარდა

benjielayug.com

2017 წელს საქართველოში უმუშევრობამ 13.9% შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უმუშევრობის პირველი სტატისტიკაა, რომელიც არა 2002 წლის, არამედ 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეფუძნება. საქსტატმა წინა წლების უმუშევრობის სტატისტიკაც გადათვალა, შედეგად გაირკვა, რომ 2016 წელს უმუშევრობა არა 11.8%, არამედ 14% იყო. გაზრდილია ყველა სხვა წლის უმუშევრობის სტატისტიკაც.

სხვაობა ახალსა და ძველ სტატისტიკას შორის:

  • 2008 - ძველი 16.5%, ახალი 17.9%
  • 2009 - ძველი 16.9%, ახალი 18.3%
  • 2010 - ძველი 16.3%, ახალი 17.4%
  • 2011 - ძველი 15.1%, ახალი 17.3%
  • 2012 - ძველი 15%, ახალი 17.2%
  • 2013 - ძველი 14.6%, ახალი 16.9%
  • 2014 - ძველი 12.4%, ახალი 14.6%
  • 2015 - ძველი 12%, ახალი 14.1%
  • 2016 - ძველი 11.8%, ახალი 14%
  • 2017 - ახალი - 13.9%

საქსტატის განმარტება სტატისტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით:

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში აღსანიშნავია, ერთი მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის არსებითი ცვლილება კლების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ურბანიზაციის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. სამუშაო ძალის მაჩვენებლების გადაანგარიშებამ მოსახლეობის უახლესი აღწერის შესაბამისად, უმუშევრობის უფრო მაღალი დონე დააფიქსირა, ვინაიდან ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია.

3,400-დან 6,000-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, რომელთა შესწავლითაც ნაციონალური მაჩვენებელი გამოიანგარიშება. 

კომენტარები