იტალია

მატარელა გამარჯვებულ პარტიებთან პრემიერმინისტრობის კანდიდატს განიხილავს

სერჯო მატარელა
Reuters

დღეს იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობის" და "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერებს შეხვდება და იტალიის პრემიერმინისტრის პოსტზე მათ კანდიდატს განიხილავს.

მატარელამ პრემიერმინისტრის პოსტზე პარტიების მიერ შეთავაზებული კანდიდატის დამტკიცებას ხელი უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც პარტიებს საშუალება ექნებათ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მუშაობა დაიწყონ. კოალიციურ მთავრობას მხარი პარლამენტმა უნდა დაუჭიროს.

"ჩრდილოეთის ლიგამ" საკუთარ ამომრჩევლებს საშუალება მისცა ხმა მიეცათ "5 ვარსკვლავის მოძრაობასთან" კოალიციის გეგმისათვის. შეთანხმება გადასახადების შემცირებას, სოციალურ პროგრამებზე გაზრდილ ხარჯებს და საპენსიო რეფორმის გაუქმებას მოიცავს. "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მხარდამჭერებმა საკუთარი პოზიცია ინტერნეტის მეშვეობით დააფიქსირეს. არაფორმალურ კენჭისყრაში მონაწილეთა 90%-მა შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

გავრცელებული ცნობით, პრემიერმინისტრის პოსტზე მთავარი კანდიდატი სამართლის პროფესორი, 54 წლის ჯუზეპე კონტეა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. შედეგების გამოცხადებიდან 9 კვირის მანძილზე პარტიები სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37% მიიღო. მეორე ადგილზე პოპულისტური პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობაა" 32%-ით, ხოლო დემოკრატიული პარტიის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა მხოლოდ 23% დააგროვა.

კომენტარები