სიტყვის თავისუფლება

ევროპული საქართველო: პარლამენტი შემოქმედებითი ცენზურის დაკანონებას ცდილობს

"პარლამენტი შემოქმედებითი ცენზურის დაკანონებას ცდილობს," - ევროპული საქართველო ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროეტს აფასებს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გაუჩნდება შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ აკრძალოს ესა თუ ის ნაწარმოები.

"პარლამენტი შემოქმედებითი ცენზურის დაკანონებას ცდილობს. ქართული ოცნების დეპუტატების ბესელიასა და გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მისი მორჩილი სასამართლოს ხელით მოათვინიეროს მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, კინო, თეატრი და ხელოვნების სხვა დარგები. დღეს მოქმედი კანონმდებლობა ყველა ადამიანს აძლევს ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებს დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით, თუ შემოქმედებითი ნაწარმოები პირადად მის კანონიერ ინტერესებს ლახავს. ეროვნული და რელიგიური ან შუღლის გაღვივების, ომისა და ძალადობის ქადაგების აკრძალვა კონსტიტუციით ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებს. ასეთი შეზღუდვის საფუძველი შემოქმედებითი თავისუფლების შემთხვევაში გათვალისწინებული არაა. ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტით ეს იცვლება. დამატებით შემოდის ასევე პორნოგრაფიის პროპაგანდის ცნება, რომელსაც ასევე არ იცნობს კონსტიტუცია. კანონპროექტით შემოქმედების შეზღუდვის საფუძვლები ჩამოყალიბებულია ფართო და არაგანჭვრეტადი სახით, რაც მათი შერჩევითი გამოყენების საფრთხეს ქმნის. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე, რადგან ეს შეაფერხებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და შელახავს ქვეყნის რეპუტაციას." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი თავისუფლება შეიზღუდოს. აღნიშნული რისკი უკავშირედება კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერს, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ერთადერთი უწყება, რომელსაც ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება არის სასამართლო. ვრცლად ბესელიასა და გოგიჩაიშვილის კანონპროექტის შესახებ იხილეთ აქ.

კომენტარები