მთასვლელები

ევერესტის დასალაშქრად წასული ორი მთასვლელი გარდაცვლილი იპოვეს

time.com

ევერესტის დასალაშქრად წასული ორი უცხოელი მთასვლელი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ცნობები ნეპალის მთამსვლელთა ოფიციალურმა ასოციაციამ ორშაბათს დილით გაავრცელა.

ექსპედიციის ჯგუფის წევრები ყვებიან, რომ იაპონელი მთასვლელი ორშაბათს დილით იპოვეს გარდაცვლილი, ხოლო მაკედონიელი მთასვლელი - კვირას. მათი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს გიანენდრა შრესთა, რომელიც მთასვლელობის სეზონზე ევერესტის ბაზაზე იმყოფებოდა.

იაპონელი მთასვლელი 35 წლის ნობუკაზუ კურიკი აღმოჩნდა, მაკედონიელი კი - 63 წლის გეორგი პეტკოვი.

კურიკი ერთ-ერთი ცნობილი მთასვლელი იყო, რომელსაც არაერთი მწვერვალი ჰქონდა დალაშქრული. მან რამდენჯერმე სცადა ევერესტის დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ. 2012 წელს, ერთ-ერთი მცდელობის დროს, მან რამდენიმე თითი დაკარგა.


ფოტო: exlporersweb.com

ბოლო მცდელობა რიგით მერვე იყო. კურიკი ზღვის დონიდან 7400 მეტრზე განთავსებულ კარავში იპოვეს. ის ძილის დროს გაიყინა.

მაკედონიელი მთასვლელი უფრო დიდ სიმაღლეზე იპოვეს გარდაცვლილი. სხვა დეტალები უცნობია.

ამ თვეში, 340 უცხოელი მთასვლელი და მათი გიდი ცდილობდა ევერესტის დაპყრობას. ნაწილმა გასულ კვირას ამინდის ხელშეწყობით მიაღწია დასახულ მიზანს. ამ დრომდე იქ მყოფმა მთამსვლელებმა ევერესტი უნდა დატოვონ, რადგანაც თვის ბოლოსთვის ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

კომენტარები