თურქეთი

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 104 პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

AFP

თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 104 პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თურქული გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, იზმირის სასამართლომ სულ 280 საქმე განიხილა. 

როგორც ცნობილია, სასამართლომ კიდევ 21 პირს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 31 პირს კი თავისუფლება 10 წლითა და 6 თვით აღუკვეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, მეაბოხეებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. თურქეთმა გადატრიალების მოწყობაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. მან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა არაერთხელ უარყო და დაგმო კიდეც, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მას გადატრიალების გეგმის ავტორად მიიჩნევს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 000-ზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები