თავისუფლება

რაზე გადის გზა თავისუფლებისკენ

გია ნოდია
0 კომენტარი

ახალგაზრდულმა პროტესტმა თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებული პოლიციური ოპერაციის წინააღმდეგ ზოგს ახალი იმედები ჩაუსახა, ზოგს - შიში. რამდენად საფუძვლიანია ან ერთი ან მეორე?

ერთ კითხვას შეგნებულად არ ჩავუღრმავდები: რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ღამის კლუბებზე მოულოდნელი შეტევა. შეიძლება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, როგორც თვითონ ამბობს, ანტინარკოტიკული პოლიტიკის გააქტიურება ჩათვალა საჭიროდ (საამისო სოციალური დაკვეთა ნამდვილად არსებობს) და თვლის, რომ ღამის კლუბებში რეიდი კარგი სტრატეგიაა. შეიძლება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში „დაბრუნების“ ფონზე სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე შიდა ბრძოლებს უკავშირდება. სხვა ახსნებიც შესაძლებელია, მაგრამ მარჩიელობას არ შევუდგები. ჯობია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ყველამ ვნახეთ.

ვინ არიან ისინი და რა უნდათ?

მთავარია, რომ შეიქმნა, ან იქმნება, ახალი სოციალური ძალა. მას ჩვეულებრივ „ახალგაზრდობას“ უწოდებენ, თუმცა ის მთელი ახალგაზრდობა არ არის და რაღაც ზედსართავი სჭირდება, რომ უფრო ზუსტად განსაზღვრო. სიტყვები „პროგრესული“, „პროდასავლური“, „ვესტერნიზებული“ თუ მათი მსგავსი ბანალური, ზოგადი და არაინფორმატულია. თვით ამ ახალ ახალგაზრდობას ჯერ კარგად ვერ გაურკვევია, ან ვერ ამბობს, მაინც რით არის განსხვავებული. დროებით მას უბრალოდ „სხვანაირს“ ვუწოდებ.

ეს სულ მცირე მეორე დიდი აქციაა, რითაც ამ „სხვანაირმა“ ახალგაზრდობამ თავი გამოავლინა. შარშან მან გააპროტესტა ჯგუფ „ბირჟა-მაფიის“ წევრების დაკავება, სავარაუდოდ, პოლიციის გამაშარჟებელი კლიპის გამო (ოფიციალურად, რეპერები ნარკოტიკების ფლობისთვის დააკავეს). იყო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით ერთი-ორი გამოსვლაც. ეს უკანასკნელი მათი საყვარელი თემაა, თუმცა ამ ახალგაზრდობის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ გაცილებით უფრო ფართო დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ რა არის ის?

ყველაზე ხშირად ჩაგვესმის სიტყვა „თავისუფლება“: ახალგაზრდობა თავისუფლებისთვის იბრძვის. მაგრამ ეს ძალიან ძველი სიტყვაა და მისი სახელით ძალიან ბევრს უბრძოლია: მთავარია, კონკრეტულად რას ვიგულისხმებთ მასში. 1989 წლის აპრილშიც პარლამენტის შენობასთან ძირითადად ახალგაზრდობა იდგა და თავისუფლებას მოითხოვდა. მაშინ ამ ცნებას გამოკვეთილად პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა: ის ნიშნავდა, პირველ რიგში, ეროვნულ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამავე დროს კომუნისტური დიქტატურის დემოკრატიით შეცვლას. შემდეგ გაირკვა, რომ თავისუფლების ეს ორი ასპექტი - ეროვნული დამოუკიდებლობა და ლიბერალური პოლიტიკური სისტემა - მთლად ერთი და იგივე არ ყოფილა და მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულია. ამ სირთულიდან ჯერაც ვერ გამოვსულვართ. მაგრამ აქამდე მაინც ცხადი იყო: როგორც გინდა გაიგო თავისუფლება, ის ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ცნებაა.

ახალი, „სხვანაირი“ ახალგაზრდობის ღირებულებები ნაკლებად არტიკულირებულია, შედარებით მკაფიოდ მხოლოდ ერთი რამე ითქმის: მათ უნდათ თავისუფლება, მაგრამ არ უნდათ პოლიტიკა. მაშინ სახელდობრ რისი თავისუფლებაა ის? მას შეგვიძლია „ცხოვრების სტილი“ ვუწოდოთ: ახალგაზრდებს უნდათ, ისე იცხოვრონ, როგორც თვითონ მოსწონთ, და არა ისე, როგორც მათ მშობლებს, ნათესავებს, ან ზოგადად გაგებულ „საზოგადოებას“ მიაჩნია სწორად. ეს გულისხმობს ჩაცმულობას, სექსუალურ ურთიერთობას, გართობას და ა. შ. და კიდევ, ცხოვრებას ძალადობის გარეშე: არავინ არავის არაფერი არ უნდა დააძალოს, მათ შორის სახელმწიფომ და ეკლესიამ.

დასავლური პარალელი

ჩვენი სხვანაირი ახალგაზრდობა რაღაცით გავს მათი მამების თუ ბაბუების დასავლელ თანატოლებს, ვინც 1960-იან წლების ბოლოს თავიანთ მამებს აუჯანყდა. ისინიც იმდროინდელი პოლიტიკური პარტიების გარეთ იყვნენ, მაგრამ აპოლიტიკურობაზე არ დებდნენ თავს: ვიეტნამის ომს აპროტესტებდნენ და ე. წ. „ბურჟუაზიული ღირებულებებს“ ებრძოდნენ. მაგრამ მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი მაინც გარკვეული ცხოვრების სტილის დაცვა იყო, რომელსაც შემდეგ „Sex, drugs and rock’n roll” (სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი) დაარქვეს. ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში ამ მოძრაობის ღირებულებებმა გაიმარჯვა, მაგრამ ახალგაზრდულმა მოძრაობამ სერიოზული კვალი დაამჩნია კულტურის მრავალ სფეროს: ქალის მდგომარეობას, სექსუალურ სფეროში შეზღუდვების შემსუბუქებას, გართობის და ჩაცმულობის სტილს და ა. შ. სექსუალურ უმცირესობათა თემა მაშინ ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა, მაგრამ ის, რომ დღეს მათ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ დაწყებული პროცესის შედეგია. თუ ეს რევოლუცია იყო, ეს იყო კულტურული რევოლუცია.

საკუთრივ პოლიტიკური კუთხით მათი შედეგები გაცილებით უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა. შესაძლოა, მათ გარკვეული გავლენა მოახდინეს ვიეტნამის ომის დასრულებაზე, მაგრამ თუნდაც ასე იყოს (არა მგონია, მათი გავლენა გადამწყვეტი ყოფილიყო), ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეხება. რაც მთავარია, მამების „ბურჟუაზიული ღირებულებების“ წინააღმდეგ მკვეთრად მემარცხენე პოზიციებიდან ახალგაზრდების გალაშქრებას საკმაოდ მალე მოყვა ტეტჩერისა და რეიგანის ნაკლებ ხმაურიანი, მაგრამ უფრო საფუძვლიანი „ნეოლიბერალური“ რევოლუცია, რომელმაც დასავლეთს მანამდე გამეფებულ სოციალურ-დემოკრატიულ ტენდენციაზე უარი ათქმევინა და ის საბაზრო კაპიტალიზმის უალტერნატივობის რწმენით შეცვალა (1960-იანების კულტურული რევოლუციის შედეგების გაუქმების გარეშე).

თავისუფლება და ცეკვა

ამ გამოცდილებას შეიძლება დავუკავშიროთ იმ აზრის შექმნა, რომ „თავისუფლების“ შინაარსი შეიძლება ცხოვრების სტილით შემოვსაზღვროთ და პოლიტიკას დავაშოროთ. ეს ილუზიაა. ნებისმიერი სოციალური მოძრაობა პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული და ამ კონტექსტის შეცვლას ცდილობს. ოღონდ მაშინდელი დასავლეთის და დღევანდელი საქართველოს ვითარება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. 1968 წელს პროტესტებს წინ უძღოდა ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების და არნახული ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივი პერიოდი. პოლიტიკური თავისუფლების არსებობა ეჭვის ქვეშ აღარ იდგა (რაც არ უნდა ეთქვათ ამ თემაზე ულტრა-მემარცხენე იდეოლოგებს): ახალგაზრდობა ცდილობდა, თავისუფლების აწ უკვე დამკვიდრებული პარადიგმა სხვა, ზემოთ ნახსენებ სფეროებზე გაევრცელებინა. მაგრამ ასეთი ახალგაზრდული მოძრაობის თვით შესაძლებლობა ემყარებოდა სწორედ იმ ლიბერალურ (ანუ „ბურჟუაზიულ“) ღირებულებებს და ინსტიტუტებს, რომლებიც მრავალი წინა თაობის ინტელექტუალურმა ძალისხმევამ, ბრძოლამ და შრომამ მოიტანა.

თუმცა, შეიძლება იმავე მოძრაობას სხვა კუთხითაც შევხედოთ: მან სცადა, ლიბერალური ანუ პოლიტიკური თავისუფლების ღირებულებები და ინსტიტუტები ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბუნდოვანი უტოპიური პერსპექტივის სახელით. შემთხვევითი არაა, რომ ბევრი მაშინდელი მოჯანყის გმირი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი მკვლელი, მაო ძე-დუნი იყო. მაგრამ მათ (მადლობა ღმერთს) ეს ვერ შეძლეს, რადგან ეს ნორმები და ინსტიტუტები ამ დროისთვის საკმაოდ კარგად დამკვიდრებული აღმოჩნდა.

საქართველოში სხვა ვითარებაა. ჩვენ ჯერ არც დემოკრატია გვაქვს და ვერც საბაზრო ეკონომიკის გამართული ინსტიტუტებით დავიკვეხნით: ორივე აზრით გაურკვეველ თუ „ჰიბრიდულ“ გარემოში ვცხოვრობთ. თუმცა, ნაწილობრივ დემოკრატიის და არასრულყოფილი კაპიტალიზმის დაახლოებით ოცწლიანმა გამოცდილებამაც დაამკვიდრა ახალი ნორმები: შევეჩვიეთ, რომ სიტყვის თავისუფლება (გაგებული როგორც მთავრობის კრიტიკის უფლება) და პოლიტიკური კონკურენცია (თუნდაც სრულიად უთანასწორო პირობებში) ნორმალური მდგომარეობაა. ეკონომიკურ თავისუფლებებსაც შევეჩვიეთ. შეიქმნა მცირერიცხოვანი, მაგრამ ნორმატულ დონეზე გავლენიანი საშუალო კლასი, რომლის არსებობა ამ ახალ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. ამ პატარა საშუალო კლასის ახალგაზრდულ ნაწილს გაუჩნდა სრულიად ბუნებრივი სურვილი, რომ ცხოვრების სტილითაც დაემსგავსოს მათ თანატოლებს განვითარებულ და მართლა თავისუფალ ქვეყნებში. ეს სურვილი ჩემიცაა, თუმცა, შეიძლება, რამდენადმე განსხვავებული პრიორიტეტები მქონდეს.

ამ სურვილის განხორციელებასთან ეს ახალგაზრდობა გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე თვითონ ჰგონია. დიახ, ის ჯერ „სხვანაირი“ ჩანს როგორც წინა თაობებთან, ისე თანატოლების დიდ ნაწილთან შედარებით, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი (რომელიც, სინამდვილეში, გლობალური ელიტის ცხოვრების სტილია) საქართველოშიც სულ უფრო მკვიდრდება და, რაც მთავარია, წარმატებასთან ასოცირდება. ზედმეტად მოკლეკაბიან გოგოებს ან ზედმეტად გრძელთმიან ბიჭებს ზოგმა გამვლელმა შეიძლება გინება ან წყევლა-კრულვა დააყოლოს, მაგრამ ეს რეაქცია სინამდვილეში მარცხის აღიარებაა: ქვეყანა ამათი ხდება და ამას ვერაფერს შველიან. ფაშისტი თუ მოფაშისტო ახალგაზრდების აგრესიაც მათი უფრო წარმატებული თანატოლების შურით და საკუთარ ვერშემდგარობის კომპლექსით სულდგმულობს (ინდივიდუალურ ვარიაციებს აქ არ შევეხები). ახალგაზრდული მოძრაობის ნამდვილი გამარჯვება მინისტრ გახარიას ფუტურო ბოდიში კი არ იყო (თუმცა თავისი სიმბოლური მნიშვნელობა ამ სიტყვის ამოღერღვასაც ჰქონდა), არამედ დროებით დახურული „ბასიანიდან“ პარლამენტის წინ სტრატეგიულ სივრცეში გადატანილი ცეკვა. ეს ცეკვა სოციალურ ძალაუფლებაზე ერთობ დამაჯერებელი განაცხადი აღმოჩნდა: ცეკვასთან ბრძოლა ყველასთვის ძალიან ძნელია.

ცეკვიდან დემოკრატიამდე?

მაგრამ არ უნდა გაგვიჩნდეს ილუზია, თითქოს მოცეკვავე ახალგაზრდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებამდე მიგვიყვანს. ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს ნარკოპოლიტიკის სასურველ მოდელზე, კანონის უზენაესობამდე ან სამართლიან არჩევნებამდე მიმავალი გზა მარიხუანას ან ექსტაზის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე არ გადის. ცეკვის თავისუფლებაც იმ ბრძოლების შედეგია, რაც ამ ახალგაზრდების წინა თაობებმა გამოიარეს.

ხელისუფლებისთვის ახალგაზრდობის გამოსვლები, ცხადია, არასასიამოვნოა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ჩანს, დიდად სახიფათო იყოს. ჩვენ ისიც არ ვიცით, მთავრობის თუნდაც სიმბოლური დათმობები მოედანზე გამოსული ახალგაზრდობის გამოსვლებმა გამოიწვია თუ უავგუსტესი შვილის, ბერას არტისტულმა ინტერვენციებმა. სულერთია, ბრაზიან კონტრაქციას „სხვანაირი ახალგაზრდობის“ გათამამებაზე სპონტანური რეაქციად ჩავთლით თუ ხელისუფლების მართულ ღონისძიებად (მეორე ვარიანტი საკმაოდ სარწმუნო ჩანს), მინისტრმა გვახარიამ წარმატებით მოახდინა „სოციალური დაპირისპირების“ საფრთხით მანიპულირება და თავი ღამის კლუბების დამრბევიდან ბრძენ და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო მოღვაწედ გადააფორმატა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მის გადასაყენებლად მოსული ახალგაზრდობის გულის დროებით მაინც მოსაგებად.

ახალგაზრდული პროტესტის მოტივები შეიძლება სიმპათიებს იწვევდეს, მაგრამ ის ძალად არასოდეს იქცევა, თუ კონკერეტული მიზნების გარშემო ორგანიზება ვერ ისწავლა. ჯერჯერობით, მის ენერგიას ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“ იყენებს, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ ვიწრო დღის წესრიგის მქონე ინტერესთა ჯგუფია: იგი წარმოადგენს ღამის კლუბების ინდუსტრიას, რომელსაც საკლუბო ნარკოტიკებისადმი ლიბერალური მიდგომა საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის სჭირდება. ამ მიზნის მიღწევის მეთოდი ხელისუფლების შიგნით მოკავშირეების ძებნაა და არა მასთან დაპირისპირება. ეს სავსებით შესაძლებელია: ჰიპსტერული ცხოვრების სტილი ტრადიციულ ტოტალიტარიზმთან შეუთავსებელი იყო, მაგრამ თანამედროვე საქართველოს ნახევრად-ავტორიტარულ გარემოში არსებობა თავისუფლად შეუძლია: მთავარია, სამთავრობო კორიდორებში მანევრირების ხელოვნებას დაეუფლოს. „სისტემის დაგრევა“ სულაც არაა აუცილებელი: სისტემაში შენი ნიშა უნდა იპოვო.

ის, რასაც დასავლური კულტურა თავისუფლებას ეძახის, პოლიტიკური პროექტია და ასეთად დარჩება. მის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით შეიძლება. თავისუფლების ერთადერთი მყარი დამცველი შეიძლება იყოს ლიბერალური სახელმწიფო, რომელმაც სხვა ყველაფერთად ერთად ძალის გამოყენებაც იცის, ოღონდ კანონის ფარგლებში და საჭიროების პროპორციულად. ახალგაზრდულ მოძრაობას ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია, რომ ამგვარი სახელმწიფოს შექმნას მივუახლოვდეთ. მის განწყობაში და ქმედების წესებში სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს, რომ ის თავისუფლებისკენ მებრძოლ ეფექტურ ძალად იქცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელენე კალანდაძე

კომენტარები