მაიკ პენსი

მაიკ პენსი: დონალდ ტრამპს შეუძლია უარი თქვას კიმ ჩენ ინთან სამიტზე

0 კომენტარი
მაიკ პენსი ფოტო: Getty Images

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ მომდევნო თვეს შეხვედრის შემთხვევაში დონალდ ტრამპთან "თამაში დიდი შეცდომა იქნება."

პენსის თქმით დონალდ ტრამპს 12 ივნისს ჩანიშნულ სამიტზე უარის თქმა შეუძლია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი დღეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები სამიტის გეგმებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის პრეზიდენტსა და კიმ ჩენ ინს შორის 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებით იმუქრება, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს რომ ქვეყანამ სრულად დათმოს ბირთვული იარაღი.

კიმ ჩენ ინის განცხადება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო, KCNA-მ გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თუ აშშ ჩრდილოეთ კორეას კუთხეში მიიწყვდევს და ცალმხრივ მოთხოვნებს წაუყენებს ბირთვული იარაღის დათმობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისადმი ინტერესს დაკარგავს და 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას ჩაშლის.

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ თუ წინამორბედების გზას გაჰყვება და უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის დათმობის გარეშე მოლაპარაკებებზე, ის ისტორიას დარჩება როგორც უფრო ტრაგიკული და წარუმატებელი პრეზიდენტი, ვიდრე მისი წინამორბედები.

განცხადება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებას მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაუშვებს სამხედრო წვრთნებს, თუმცა შემდეგ მათ პროვოკაციული ქმედება უწოდა რომელიც დიპლომატიურ მცდელობებს საფუძველს ურყევს.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს უპასუხისმგებლო განცხადებებში და მავნებლური განზრახვების ქონაში ადანაშაულებს. მათი თქმით ამის უკან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი დგას.

"ჩვენ არ ვმალავთ მასთან შეუთავსებლობის გრძნობას." თქვა ჩრიდლოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს.

ჯონ ბოლტონის აზრით ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების ლიბიურ მოდელს უნდა მიჰყვეს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ლიბია თავიდან აირიდებდა 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს, ბირთვული პროგრამის ნაწილი რომ შეენარჩუნებინა. ჯონ ბოლტონს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმები სრულიად ლეგიტიმური იქნება.

ტრამპის თქმით ჩრდილოეთ კორეას აშშ-სათვის შეხვედრის ჩაშლის შესახებ არ უცნობებია და მიუხედავად მუქარისა ის აპირებს სამიტზე მოსთხოვოს კიმ ჩენ ინს ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია, თუმცა უცნობია რა ვადების დაწესებას აპირებს აშშ და შეეხება თუ არა განიარაღების პროცესი ბირთვულ იარაღთან ერთად ბალისტიკურ რაკეტებსაც.

მისივე თქმით შესაძლოა კიმ ჩენ ინს მუამარ კადაფის ბედი ეწიოს, თუ ბირთვული იარაღის პროგრამის თაობაზე აშშ-სთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

"ჩემი აზრით რასაც ჯონ ბოლტონი გულსხმობს არის ის შემთხვევა, თუ პრობლემა გვექნება, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ ქვეყანას ჰქონდეს ბირთვული იარაღი." "მოდელი, თუ შეხედავთ კადაფის მოდელს, ეს იყო სრული დეციმაცია. ჩვენ შევედით და დავამარცხეთ ის. ახლა ეს მოდელი დიდი ალბათობით განხორციელდება, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. მაგრამ თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩემი აზრით კიმ ჩენ ინი ძალიან, ძალიან მოხარული იქნება." "ჩვენ ბევრის გაკეთება გვსურს, და მასაც სურს ბევრის გაკეთება, და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, შეხვედრა შედგება და თუ რაიმე გამოვა ამ შეხვედრიდან. და ის მიიღებს ძალიან ძლიერ გარანტიებს." თქვა ტრამპმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები