ნარკოპოლიტიკა

მდინარაძე ნარკოპოლიტიკაზე: საბოლოო გადაწყვეტილება ჩაჯდება საზოგადოებრივ ინტერესებში

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრები შეჯერდნენ და მხოლოდ რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი. ნარკოპოლიტიკაში შესატან ცვლილებებზე უმრავლესობის წევრები დღეს ოცნების ოფისში მსჯელობდნენ.

"შესათანხმებელი დაგვრჩა რამდენიმე დეტალი. მომდევნო დღეების განმავლობაში შევხვდებით და ვფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ჩაჯდება ადეკვატურად და ზუსტად. აქ არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს. ერთი არის ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, მეორე - შეძენა-შენახვასთან და დოზირებასთან დაკავშირებით და მესამე - მოხმარების საკითხი. ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით და უფრო დავაახლოვეთ პოზიციები იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში. დოზებზე პრაქტიკულად, დაახლოებით შევჯერდით და კვირის ბოლომდე ალბათ კიდევ უფრო დეტალურად იქნება ეს გავლილი. მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ასევე შევჯერდით, ის პრინციპი, რომ მომხმარებლის მიმართ იქნება გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად, შეთანხმებულია." - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ნარკოპოლიტიკის საკითხზე მუშაობის დაწყების დაპირებები მინისტრისგან აქციის ნომაწილეებმა 13 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაიშალა. 

აქციებს კი წინ კლუბებში ბასიანსა და გალერიში შეჭრა და შემდეგ მათ საგულშემატკივროდ შეკრებეილი ხალხის დარბევა უძღოდა. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი 12 მაისს გვიან ღამით შეიჭრა და შსს-ს ინფორმაციით 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ რეალიზატორებიდან კლუბში მხოლოდ ერთი დააკავეს. 

კომენტარები