ნარკოპოლიტიკა

კობახიძე: პრინციპი არის ის, რომ მომხმარებელთა მიმართ უნდა იყოს ჰუმანური მიდგომა

პარლამენტის პრესსამსახური

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს. თუმცა კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან დღეს პარალმენტის თავმჯდომარემ თვაი შეიკავა. მისი თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში, პოზიციების მთლიანად დაახლოება მოხერხდება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ კანონპროექტზე კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს.

„ჩვენ გვქონდა პირველი ფართო შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში, ესწრებოდა ამ შეხვედრას, როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოპოლიტიკასთან. გვქონდა მოცემულობა, როდესაც დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან დღეს თავი უნდა შევიკავოთ იმის გამო, რომ ვფიქრობ, გარკვეული საკითხების დაკონკრეტება ხელს შეუშლის მომავალში კიდევ უფრო მეტად ამ პოზიციების დაახლოებას. პრინციპები რჩება იგივე. პრინციპი არის ის, რომ ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებელთა მიმართ. რაც შეეხება ნარკოტიკების რეალიზაციას, ამ კუთხით იქნება პოლიტიკა გატარებული მკაცრი და ზოგადად, მიდგომა არის ის, რომ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია იმ საკითხების, რომლებიც არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან და ნარკოტიკების გასაღებასთან“, - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ივნისის დასაწყისში მაქსიმუმ, კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება. 

ნარკოპოლიტიკის საკითხზე მუშაობის დაწყების დაპირებები მინისტრისგან აქციის ნომაწილეებმა 13 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაიშალა. 

აქციებს კი წინ კლუბებში ბასიანსა და გალერიში შეჭრა და შემდეგ მათ საგულშემატკივროდ შეკრებეილი ხალხის დარბევა უძღოდა. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი 12 მაისს გვიან ღამით შეიჭრა და შსს-ს ინფორმაციით 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ რეალიზატორებიდან კლუბში მხოლოდ ერთი დააკავეს. 

 

კომენტარები