ანა ფრანკის დღიური

მკვლევრებმა ანა ფრანკის დღიურის ორი ახალი ფურცელი გაშიფრეს

electricliterature.com

ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით, მკვლევრებმა ანა ფრანკის დღიურის ორი ახალი ფურცელი გაშიფრეს. ფურცლები აქამდე წებოვანი ყავისფერი ქაღალდით იყო დაფარული. გაშიფრულ ნაწერებში ებრაელი გოგონა ბავშვური ენით ხსნის, რა არის სექსუალობა, კონტრაცეფცია და პროსტიტუცია. ნაწერებში სექსუალური ხასიათის ოთხი “უხამსი ხუმრობაა”, როგორც მათ თავად უწოდებს.

“ვინც არ უნდა წაიკითხოს ეს ნაწერები, ვერავინ შეიკავებს ღიმილს. მოზარდებს შორის სექსუალურ თემაზე ხუმრობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ მრავალი ნიჭით გამორჩეული ანა ფრანკის უკან ჩვეულებრივი მოზარდი გოგონა იყო.” - ამბობს ფრენკ ვან ვრეე, რომელიც ნიდერლანდების ომის, ჰოლოკოსტისა და გენოციდის მკვლევარი ინსტიტუტის დირექტორია.


ფოტო: AP

13 წლის ანამ ახლახან გაშიფრული ორი ფურცელი 1942 წლის 28 სექტემბერს დაწერა, მაშინ, როცა თავისსა და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ნაცისტებს ემალებოდა.

ანამ ეს ფურცლები ყავისფერი ქაღალდით გადაფარა. სავარაუდოდ, მას ეშინოდა, რომ სხვა წაიკითხავდა, ან ნაწერი თავადვე აღარ მოეწონა. 

“აღმოჩენილი ნაწერები უფრო მეტად გვაახლოებს ანა ფრანკთან, როგორც მოზარდ გოგონასთან და როგორც მწერალთან.” - თქვა ანა ფრანკის სახლ-მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, რონალდ ლეოპოლდმა, სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ექსპერტების შეფასებით, გაშიფრული ფურცლები გვაჩვენებს თუ როგორი წერის კულტურა ჰქონდა ანას და არა იმას, თუ რა ინტერესი ჰქონდა სექსუალობაზე.

სექსუალურ აქტზე საუბრისას ანა წერს 14 წლის გოგონაზე, რომელსაც ციკლი დაეწყო - “ეს იმის ნიშანია, რომ შეუძლია სექსუალური კონტაქტი დაამყაროს მამაკაცთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქორწინებამდე არა.”

ასევე გვიამბობს პროსტიტუციაზე: “ყველა კაცი, რომელიც ნორმალურია, ქალებთან დადის. მსგავსი ქალები მათ მომსახურებას ქუჩებში სთავაზობენ, თუ კაცი მოინდომებს - ერთად მიდიან. ამ საქმისთვის პარიზში დიდი სახლებია გახსნილი. მამა იქ ნამყოფია.” - წერს ანა ფრანკი.

ერთ-ერთ ხუმრობაში ის წერს: “თუ იცით რატომ არიან ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე გოგონები ჰოლანდიაში? იმიტომ, რომ ისინი ჯარისკაცებისთვის ლეიბის როლს ასრულებენ.”

ანა ფრანკის დღიურში სხვადასხვა ადგილას არის შეფარულად დაწერილი ტექსტი მის სექსუალობაზე, ანატომიასა და ციკლზე, რომელზეც ანას მამის მოთხოვნით ცენზურა დაწესდა. ამიტომაც, თავდაპირველად გამოცემულ ეგზემპლარებში ამ ნაწერებს ვერ ვხვდებით, მაგრამ მომდევნო წლებში დღიურს ცენზურა მოეხსნა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შევხვდებით თუ არა ახლადაღმოჩენილ ფურცლებს სამომავლო გამოცემებში, რადგანაც რა სახის მოთხოვნები ექნება საავტორო უფლებებს - უცნობია.

ანა ფრანკი თავის ოჯახთან ერთად 2 წელზე მეტ ხანს ემალებოდა გერმანელ ნაცისტებს. 1944 წლის 4 აგვისტოს ისინი იპოვეს და აუშვიცში გაგზავნეს.

ოჯახიდან მხოლოდ ანას მამა, ოტო ფრანკი გადაურჩა სიკვდილს. 15 წლის ანა და მისი და ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალნენ. 

ომის შემდეგ, ოტო ფრანკმა თავისი შვილის, ანას დღიური გამოსცა, რაც იმედისა და გამბედაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მას შემდეგ ანა ფრანკის დღიური დაახლოებით 60 ენაზე ითარგმნა. ფრანკების სამალავი ადგილი კი, მუზეუმად გადაკეთდა.

კომენტარები