ბიუროკრატია

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12,000-ით გაიზარდა და მან 283,000-ს გადააჭარბა

Getty Images

3,7 მილიონიან საქართველოს 283,800 საჯარო მოხელე ემსახურება, ეს ნიშნავს რომ მოსახლეობის თითქმის 8%, ხოლო სამუშაო ძალის 20% ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. 2016 წელთან შედარებით 2017 წელს მოხელეთა რაოდენობა 12,000-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემები ჯამურია და არ მოიცავს კონკრეტული საჯარო უწყებების საშტატო რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სხვაობა საჯარო მოხელესა და საჯარო სექტორში დასაქმებულს შორის. მაგალითად, საჯარო სკოლის პედაგოგებიც საჯარო სექტორის წარმომადგენლებად ითვლებიან, თუმცა მათ მოხელის სტატუსი არ აქვთ. ამ სტატისტიკაში კი შედის ყველა პირი ვინც სახელმწიფოს ჰყავს დაქირავებული. მაგალითად, სახელმწიფოს კუთვნილი საავადმყოფოების პერსონალი, სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფოს კუთვნილი მუზეუმებისა თუ ბიბლიოთეკების თანამშრომლები და საჯარო ბაღებში დასაქმებული ადამიანები.

გაცილებით მცირეა 2018 წლის ბიუჯეტის თანდართულ ფაილში მოცემული ინფორმაცია საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ. ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს 113,613 საჯარო მოსამსახურე ჰყავს. თუმცა ბიუჯეტის ეს მაჩვენებელი არასრულია და მას მთელი რიგი უწყებების საშტატო რიცხვოვნობა აკლია. მაგალითად, მხოლოდ საჯარო ბაღების თანამშრომელთა რაოდენობა 12,000-ს აღემატება, საჯარო სკოლების პედაგოგთა რაოდენობა კი 59,000-ს აღემატება. ასევე არ არის შეყვანილი მუზეუმების, რიგი სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დასაქმებულთა რაოდენობა.

სტატისტიკის მიხედვით საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმალური 2007 წელს იყო და ის 321,000-ს აღემატებოდა. მინიმალური რაოდენობა - 252,000 კი 2013 წელს დაფიქსირდა.

 

კომენტარები