ტრანსპორტი

მერია მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ხაზების მოდიფიკაციას გეგმავს

თბილისის მერია

თბილისის მერია ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციას გეგმავს. ამ მიზნით დედაქალაქის საკრებულოს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. 

დღეს თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკონსულტაციო კომპანია "სისტრას" ანალიტიკოსებმა წარადგინეს ხედვა დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, თბილისის ავტობუსების პროექტი-მარშრუტების რესტრუქტურიზაცია თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული დ მისი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხარისხის გაუმჯობესებაა.

პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ქსელისა და სატარიფო სისტემის შემუშავება, მგზავრთა ნაკადების დათვლა, და ამასთანავე, ინტეგრირებული საბილეთო სიტემის შექმნა.

პროექტის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობს შედარებით გრძელი მარშრუტების დამოკლებასა და მათ იმგვარ მოდიფიცირებაზე, რომ მგზავრებს ერთი ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომა მარტივად შეეძლოთ. 

ერთ-ერთი შესაძლო ცვლილება რუსთავიდან და მცხეთიდან მომავალი მიკროავტობუსებისთვის ქალაქის სიღრმეში შემოსვლაზე ლიმიტების დადგენა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში მიმავალ მგზავრებს უფრო მეტი გადაჯდომა მოუწევთ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მეტროს ყოველდღიურად დაახლოებით 400,000 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი დაახლოებით 350,000-ია. 

ამ დროისთვის ზუსტი გეგმა რომლის მიხედვითაც ხაზების რესტრუქტურიზება უნდა მოხდეს ცნობილი არაა. 

კომენტარები